კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება.

კვლევის მიზანია გარკვევა, რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდგადატანილი პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდებათ როგორც კლინიკური, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევა.

კვლევის ხარჯებს კი მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

“არანაირი კლინიკური კვლევები არ მიმდინარეობს არც ჩვენთან და არც სხვაგან. კვლევა 500 კაცზე, რომელიც დაიგეგმა ჩვენს კლინიკაში და განხორციელება რამდენიმე სხვა კლინიკასთან პარტნიორობაში. ეს კვლევა დაიწყება პირველ თებერვალს და ჩვენ ავიღებთ 500 კოვიდგადატანილ პაციენტს, დამოუკიდებლად იმისა, მას ჩივილი აქვს თუ არა. შემთხვევითი შერჩევით ავიღებთ ამ პაციენტებს და მათ ჩავუტარებთ როგორც კლინიკურ გამოკვლევას, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ამის შემდეგ სამინისტრო ვარაუდობს, რომ შეადგენს პროგრამას, რომელი პროგრამითაც სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მოემსახურებიან პოსტკოვიდურ პაციენტებს,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

 

“რუსთავი2”