მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა – ტომარა ფქვილი 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარით დაფინანსდება

საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მის შედეგად, პურ-პროდუქტების წარმოებისთვის განკუთვნილი ფქვილის სუბსიდირების მოცულობა ერთ ტომარაზე (50 კგ.) 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარი იქნება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სუბსიდირების გაზრდილი მოცულობა 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე იმოქმედებს.

პროგრამის დაფინანსების ზრდის მიზეზი იმპორტირებული ხორბლის გაძვირებაა. ნედლეულის ფასის ზრდის გამო, მთავრობამ ქვეყანაში პურის ფასების შენარჩუნების მიზნით, სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. მისი მიხედვით, სუბსიდიის ბენეფიციარებს პურ-პროდუქტების მწარმოებელი საწარმოებისთვის ტომარა ფქვილის 53 ლარზე ძვირად გაყიდვა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის მინიმუმ 50,000-ლარიანი ჯარიმები არის გათვალისწინებული.

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ პროგრამის დაფინანსების ზრდის შესახებ მიმდინარეობდა განხილვები, რისი მიზეზიც იმპორტირებული ხორბლის გაძვირება იყო.

ფქვილის სუბსიდირების 4 თვიანი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ტენდერი, რომელშიც 8 წისქვილკომბინატი იღებს მონაწილეობას 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, მეორე ეტაპის ტენდერი კომპანიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 25 იანვარს უნდა გამოცხადდეს.

სუბსიდირების ბიუჯეტი თავდაპირველი პროექტის თანახმად, 10 მილიონ ლარს შეადგენდა.

წყარო: bm.ge