“დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ზურა ჯაფარიძის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა შეზღუდვების დაწესების შესახებ.
„მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება” – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, “200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
წყარო: ptn.ge