ივანიშვილის წასვლის ეფექტი

სად წავიდა? რატომ წავიდა? არსადაც არ წასულა! საფრანგეთში მიდის! რუსეთში გაიქცა! რას ქვია, წავიდა?! ტრამპს აფინანსებდა! კაპიტოლიუმზე შტურმი დააფინანსა! პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს და პოლიტიკაში სახეშეცვლილი დაბრუნდება! − ასეთი კითხვები, ვარაუდები თუ მარჩიელობა ისმოდა ქართულ მედიაში პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ.

მედიის სურვილი, გაერკვია, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რატომ დატოვა პოლიტიკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, სავსებით ნორმალურია. თუმცა, ნორმალურად ვერ ჩაითვლება ის, რაც ტელეეთერებიდან გვესმოდა ივანიშვილის ცნობილი წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის მანძილზე.

კაცმა რომ თქვას, მაყურებელი უკვე მიეჩვია კიდეც, რომ ქართული ტელემედია იოლად ცდილობს ფონს გასვლას: ნებისმიერ თემაზე, თუნდაც ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი იყოს, ჟურნალისტები „კონვეიერის პრინციპით“ მუშაობენ: გაესაუბრებიან ან ეთერში გვიჩვენებენ რამდენიმე „სკანდალურ“ რესპონდენტს, რომელთა განცხადებების შინაარსი და პათოსიც ყველამ წინასწარ იცის და სიუჟეტიც − ზოგჯერ „ექსკლუზიურიც“ კი − მზადაა! მით უმეტეს, რომ მრავლად არიან რესპონდენტები, ნებისმიერ თემაზე რომ შეუძლიათ „სკანდალური“ განცხადებების გაკეთება. მაგრამ ამჯერად ჟურნალისტებიცა და მათი რესპონდენტებიც აშკარად დაბნეულები ჩანდნენ და შეთქმულების თეორიების ტრადიციული თხზვის ნაცვლად, პირდაპირ მარჩიელობაზე გადავიდნენ.

მაგალითად, „შაბათის ფორმულამ ‘გაარკვია’“ რომ ივანიშვილი საფრანგეთში მიდის და სწორედ ამიტომ დაიტოვა ერთადერთი ქონება − ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი. მართალია, ძნელი წარმოსადგენია, როგორ ჩააღწევს ივანიშვილების ოჯახი ვერტმფრენით საფრანგეთამდე, მაგრამ ჟურნალისტ ქეთი ხიდიშელს ეჭვი არ ეპარება ამ ვერსიის სისწორეში, რადგან ის პოლიტიკოსებისგან მოისმინა. თანაც, ამ ვერსიას, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარიზში გატარებული საშობაო შვებულებაც „ამყარებს“.

ჟურნალისტი გვიმტკიცებს, რომ ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა და ივანიშვილისათვის ჯერ კიდევ მანამდე სთხოვა თავშესაფარი და საპატიო ლეგიონის ორდენი, სანამ „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკას დატოვებდა. რას ეყრდნობა ჟურნალისტი ეს თამამი ვარაუდი, გაუგებარია: არც წყარო ჩანს და თითქოს არც ზურაბიშვილის პარიზში გამგზავრება უნდა იყოს განსაკუთრებული ამბავი.

რაც შეეხება მთავარ კითხვას: რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა საქართველოდან საფრანგეთში გაქცევა, სიუჟეტში გვიმტკიცებენ, რომ მმართველ პარტიაში დიდი აურზაურია და ივანიშვილი, სავარაუდოდ, კალაძე-კობახიძის მომძლავრებულ გუნდს გაურბის; თუმცა, მათ კონტროლს ლილუაშვილის დახმარებით საფრანგეთიდან აპირებს. როგორ გააკონტროლებს ივანიშვილი საფრანგეთიდან იმას, რაც, თურმე თბილისიდან ვერ გააკონტროლა, გაუგებარი რჩება.

„მმართველ გუნდში რომ პრობლემებია, ეს ყრილობაზეც გამოჩნდა“ − გვამცნო წამყვანმა, ამის დასტური კი ის გამომეტყველება ყოფილა, რომლითაც პარტიის ყრილობაზე პრემიერი გიორგი გახარია გამოჩნდა. ამ დროს კადრში ჩანს თავად „დასტურიც“: ვხედავთ გიორგი გახარიას, რომელიც თანაპარტიელებს… ხელს ართმევს.

„შაბათის ფორმულას“ არც „შაბათის მთავარი“ ჩამორჩა; იმ განსხვავებით, რომ მისი ვერსიით, ივანიშვილი თავშესაფარს რუსეთში ეძებს. ასეთი დასკვნის საფუძველს ჟურნალისტ ნინო მაჩაბელს ის გარემოება აძლევს, რომ ახალი წლის დადგომის შემდეგ ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი… სამეზობლოში აღარ შეუმჩნევიათ და მისი ოფისიც თურმე დიდი ხანია, ცარიელია.

ჟურნალისტის წყარო, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, ამტკიცებს, რომ მამაცაშვილი ივანიშვილმა დიდი ფულის „მოტეხვაში“ გამოიჭირა და ნათესავს გაუნაწყენდა. შედეგად, ივანიშვილისაგან შერისხული მამაცაშვილი რუსეთში გადაბარგდა.

თუმცა, სიუჟეტის ბოლოს გვამცნობენ, რომ ივანიშვილისგან გაქცეული მამაცაშვილი თურმე რუსეთში მისთვის თავშესაფრის საკითხს აგვარებს (?!). გაუგებარი რჩება ისიც, ვის შეიძლება გაურბოდეს ივანიშვილი საქართველოდან. ამის გარკვევას თავის ვრცელ მონოლოგში შეეცადა „მთავარის“ მთავარი პერსონა − ნიკა გვარამია: „ივანიშვილი გარბის. მან არჩევნები წააგო… ის ხალხს სძულს და სანამ ხალხის სიძულვილი რისხვად ტრანსფორმირდებოდეს, ის გარბის.“

გვარამიას მტკიცებით, ივანიშვილი არჩევნებში მარტო ოპოზიციურ პარტიებთან კი არა, ოპოზიციურ მედიასთანაც დამარცხდა. დამარცხდა ნიკა გვარამიასთან, ბიზნესმენ ზაზა ოქრიაშვილთან, ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან, ელისო კილაძესთან, ხალხთან და, რაც მთავარია, დამარცხდა მიხეილ სააკაშვილთან. ივანიშვილი შეშინებულია და ეს „შიში“ გვარამიას მის თვალებში ამოუკითხავს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი თავის პოლიტიკურ ფანტაზიებში იმდენად შორს წავიდა, რომ აშკარად შეაშფოთა უკრაინიდან „სკაიპით“ ჩართული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენჯერმე შეეცადა, თანამოაზრე ფანტასმაგორიული სიზმრებიდან გამოეფხიზლებინა.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მაშინ, როდესაც გვარამიამ საბოლოოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება და ერთი კვირის წინ NBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მოშველიებით მართლაც გასაოცარი შეთქმულების თეორია შექმნა.

17 იანვარს NBC News-მა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილსა და ამჟამინდელ თანამშრომლებზე დაყრდნობით, საზოგადოებას აუწყა, რომ ბიურო ცდილობს დაადგინოს, ხომ არ დაფინანსებულა ვაშინგტონში 6 იანვარს გამართული მასობრივი აქციები და კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმა უცხო ქვეყნების მიერ.

აშშ-ის მედიაში გავრცელებული ცნობით, სხვადასხვა სამუშაო ვერსიას შორის არის ერთი, რომლის თანახმადაც მიმდინარეობს გამოძიება საფრანგეთის მოქალაქის მიერ რამდენიმე მემარჯვენე ჯგუფის ლიდერთათვის კრიპტოვალუტით 500 ათასი აშშ დოლარის შესაძლო გადარიცხვის საკითხზე.

ვინ იცის, რა შედეგით დასრულდება გამოძიება და დადასტურდება თუ არა სხვა ქვეყნებისა თუ უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთა კავშირი 6 იანვრის მოვლენებთან? არავინ, ნიკა გვარამიას გარდა. მისთვის უკვე უტყუარი ფაქტია არა მხოლოდ ის, რომ კაპიტოლიუმის შტურმი „საფრანგეთის მოქალაქემ“ ბიტკოინებით დააფინანსა, არამედ ისიც, რომ ეს „საფრანგეთის მოქალაქე“ სხვა ვერავინ იქნებოდა, თუ არა… ბიძინა ივანიშვილი (?!). თუ გამომეტყველება მართლაც შეიძლება დასკვნის საფუძვლად იქცეს, მაშინ ნამდვილად ღირს, თვალი შეავლოთ ძველი თანაგუნდელის ემოციური მდგომარეობით გვარიანად შეფიქრიანებული მიხეილ სააკაშვილის რეაქციას.