თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი – 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: bm.ge