თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება. გასაგებია, ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? ვინმეს აქვს უკეთესი გამოსავალი? – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.
„აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებნენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა“, -განაცხადა ცერცვაძემ.
შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა ოპოზიციის კრიტიკამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, ცერცვაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, შესაძლებელია ამანაც იმოქმედა.
„ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? მაშინ გვეტყოდნენ, რომ ხალხის ბედი არ ანაღვლებს მთავრობას და ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. შეიძლება ჩვენ გამოგვეყენებინა ჩინური ვაქცინა და ის ძალიან კარგი ყოფილიყო. ჩემი პირადი განცდაა, რომ ის ცუდი არ იქნება, მარამ ეს ჩემი პირადი განცდაა და ამის არგუმენტები და დოკუმენტები არ მაქვს. კვლევის შედეგები არ მაქვს. შესაძლოა, ის კარგი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის არჩეული გზა იქნება სწორი და ის დარჩება მოგებული და ჩვენ დავრჩებით წაგებული, მაგრამ შეიძლება ჩინური ვაქცინა აღმოჩნდეს არასანდო ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მაშინ ნახეთ კრიტიკის რა ქარცეცხლი დაატყდება აზერბაიჯანს და მის მთავრობას. მაშინ აღმოჩნდება, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც უფრო ფრთხილი იყო, სწორი ყოფილა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, რატომ არ შეიძლება კოვიდვაქცინის კომერციალიზაცია, ცერცვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ის ამის წინააღმდეგი არ არის.
„იმდენი საქმე მაქვს, ვერ ვიცლი იმ საქმეში კარგად ჩასახედად, რომელიც ჩემი უშუალო მოვალეობა არ არის, ამიტომ მართალი გითხრათ, მე ისიც არ ვიცოდი, რომ აკრძალულია კომერციული ვაქცინის შემოტანა. მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ იმიტომ, რომ არ ვიცი. თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ კომერციული ვაქცინის შემოტანა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
“ინტერპრესნიუსი”