როგორ გადავარჩინოთ სასიკვდილოდ განწირული ბაზალეთის ტბა – ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტის პროექტი

როგორ გადავარჩინოთ ბაზალეთის ტბა და რა უნდა გაკეთდეს ეს უნიკალური ადგილი ტურისტებისათვის საინტერესო, მიმზიდველი რომ გახდეს?

პრობლემის წარმოშობის 10 მიზეზი და მათი გადაჭრის გზები.
სადოქტორო ნაშრომი, რომელიც საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის  არქიტექტურის,  ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტმა  ქეთევან სოლომონიშვილმა სტუ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე –  არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემები –  წარადგინა, სწორედ ბაზალეთის ტბის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და განვითარებას ეხება. „გადავწყვიტე კონფერენციაზე მესაუბრა ჩვენი ქვეყნისათვის და ყოველი ჩვენგანისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა უნიკალური არეალის, კერძოდ, ბაზალეთის ტბის ეკოლოგიური პრობლემები. ასევე მესაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ტერიტორიას ახალი დეგრადირებული განაშენიანების წარმოშობის გამო. კონფერენციაზე განვიხილე უკვე არსებულ დეგრადირებულ ობიექტები, რომელნიც ამცირებენ ამ საკურორტო, ტურისტული არეალის პოტენციალს. თემა დავყავი 3 ნაწილად: 1.არსებული სიტუაციის აღწერა; 2. პრობლემების წარმოშობის მიზეზების ანალიზი;    3.  პრობლემების გადაჭრის გზები. ფართო მასალის დასაკონკრეტებლად, კონფერენციისათვის გამოვიყენე მიდგომა 10-10-10, რომელიც გულისხმობს 10 მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზს. რა თქმა უნდა თემა არქიტექტურულ კონტექსტშია განხილული. ასეთი შეფასების დროს, არქიტექტორი ვასრულებ გარემოს ექსპერტის როლს, როგორც არქიტექტურული ზედამხედველი და ანალიტიკოსი.  სიტუაციის ასეთ კონტექსტში  განხილვა  საფუძველია ჩემი სადოქტორო თემის ნაშრომისა, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის, მისი უნიკალური ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება-განვითარება და გეგმარება წარმოადგენს“ – აცხადებს ქეთევან სოლომონიშვილი.
დოქტორანტმა შეისწავლა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია და წარმოადგინა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებული სიტუაციის აღწერა -გაანალიზების და პრობლემის წარმოშობის მიზეზების გაანალიზების  10-10 ფაქტი.
რეალობაა და საგანგაშოა ის, რომ სანაპირო ზოლი 30 მეტრითაა გაზრდილი ტბის დაწევის ხარჯზე, დაწყებულია  ტბის ჭაობად გადაქცევის პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტბა საბანაოდ უვარგისი ხდება. ტბის გარშემო, პირველ, მეორე, მესამე სანიტარულ ზოლებში მიმდინარეობს კოტეჯებისა და სასტუმროების მშენებლობა. მოსახლეობის გადმოცემით, მათი მფლობელები იკეთებენ ინდივიდუალურ ჭაბურღილებს, ეს კი ნიშნავს, რომ ტბა მათთვის წყლის რეზერვუარის როლს ასრულებს. შეიმჩნევა სანაპირო ზოლის გადაკეტვის ტენდენცია  (სასტუმროს მეპატრონესა და 2 მოსახლეს აქვს დაკეტილი სანაპირო ზოლი მსხვილი ბლოკებით).


ტბის გარშემო სანაპირო ზოლი არ არის დაცული მანქანების შესვლისაგან. სანაპიროზე აწყობენ პიკნიკებს და ტოვებენ ნაგავს. მოსახლეობა მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს აქუცმაცებს და ყიდის, რითაც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დანიშნულება იცვლება და ხდება მათი სამშენებლოდ გამოყენება. არსად შეინიშნება ახალი გამწვანებული ზოლები, არც დარგული ხეები ჩანს ახალი სადაჩე ტერიტორიების გარშემო. არც ქარდამცავი ხეების ზოლებია გზებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიმდებარედ. პრობლემის წარმოშობის მიზეზების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ დეგრადირებულ გარემოს ქმნის ტბის სანაპირო ზოლის ჩახერგვა-გადაკეტვა, ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე  საჭიროების შემთხვევაში მაშველებს, გამწმენდ ტექნიკას გაუჭირდება საჭირო ადგილამდე მისვლა. მიმდებარე ტერიტორიების მფლობელნი, გადაკეტვის მიზეზად სანაპიროზე მანქანების უკანონო შესვლას ასახელებენ.  დეგრადირებული გარემოს წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი დაუმთავრებელი ახალი და ძველი შენობებია. ძირითადად ეს საცხოვრებელ დაჩებს ეხებათ, ასევე სასტუმროებს, რომლებიც ვეღარ განვითარდნენ და საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობა შეაჩერეს. ასეთი დაუმთავრებელი შენობების არსებობის მიზეზი მეპატრონის მხრიდან არასწორი ფინანსური, თუ საინვესტიციო გათვლებია.
ქეთევან სოლომონიშვილი:
_ როგორ მივედი ამ თემის არჩევამდე, რა სამუშაო და ცხოვრებუსეული გამოცდილება მაქვს? ეს საინტერესო საკითხია, რადგან არაფერი ხდება შემთხვევით. სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ეს კარგად იციან – ადამიანის ქმედებები დეტერმინიზირებულია, ანუ კანონზომიერად განსაზღვრულია.  ჩემი ცხოვრებისეული ემპირიული გამოცდილება კი ასეთია: 2000 წელს მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც მომიხდა გიგანტურ დეველოპერულ კორპორაციაში -„Инком недвижимость“  არქიტექტორად მუშაობა. ამ

კორპორაციის ძირითად მიმართულება უძრავი ქონება იყო. ისინი იმდენად გაძლიერდნენ 90-იან წლებში, რომ მოსკოვის გარეუბნებში აქტიურად დაიწყეს ელიტური დასახლებების მშენებლობა. ჩემი მეუღლე თამაზ გოგოლაძე მიიწვიეს მთავარ არქიტექტორად, მე კი -არქიტექტორად. მალე გაირკვა, რომ კორპორაციის მარკეტინგული განყოფილება თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისად ვერ  აანალიზებდა სიტუაციას, ანუ ვერ დებდა საჭირო  განვითარების ხედვებს, კონცეფციებს… არა და გამდიდრებული მოსახლეობის მოთხოვნები სწრაფად იზრდებოდა. მარტო ელიტური სახლი მილიონერებს აღარ აკმაყოფილებდათ. საჭირო ხდებოდა სასწრაფოდ ახალი ხედვების ჩამოყალიბება, რაღაც განსაკუთრებულის შეთავაზება. თვითონ კორპორაციის პრეზიდენტმა დაგვათვალიერებინა იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟული დასახლება „Николина гора“. ეს დაცვით შემორტყმული დასახლება მილიონერებისათვის პრესტიჟული  ადგილი იყო, აქ  ყოველი სახლი განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩეოდა. მე კი ის დავიწუნე და ამის შესახებ არც დავმალე, რამაც პრეზიდენტის გაკვირვება გამოიწვია. თუმცა გაეხარდა და გვითხრა, რომ ამაზე უკეთესის აშენება უნდოდა და ახალი ტერიტორიისათვის კონცეფცია სჭირდებოდა. აი  აქ კი ჩემი გლობალური ხედვა და ადამიანის ფსიქოლოგიის, მისი მომავალი მოთხოვნილებების განჭვრეტის უნარი აღმოჩნდა მისაღები.
ახალი პროექტირებისათვის შესყიდული ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ დაიბადა სახელმწოდება – „შერვუდი“.
_ დიახ. მე და თამაზიმ დავაპროექტეთ ამ ელიტური დასახლების შესასვლელი. სამწუხაროა, რომ ყოველთვის პროექტის ზუსტი განხორციელება არ ხდება ხოლმე, მშენებლობის დროს სხვადასხვა მიზეზებით მრავალი რამ იცვლება. თუმცა შესასვლელი მაინც კონცეპტუალური აღმოჩნდა, რამაც პროექტს და მთლიანად დასახლებას ღირებულება და იდენტურობა შესძინა. მრავალი საინტერესო იდეა ჩაიდო პროექტში. მე კი ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ტაძარი, რომელიც მე აღვწერე ჯვრისწერისათვის, აშენდა, თუმცა მე იქ უკვე აღარ ვმუშაობდი… მოსაყოლი ბევრია წარსულიდან. ამ თემის განგრძობა ძალიან შორს წამიყვანს. მოკლედ ვიტყვი, რომ მოსკოვსა და შემდგომში უკრაინაში რამდენიმე საპროექტო-სამშენებლო ფირმებში მოგვიხდა მუშაობა. პროექტები შინაარსობრივად სხვადასხვა იყო, თუმცა ძირითადად მაინც ელიტური დასახლებების თემებზე

ვმუშაობდით. კონცეფციის შემუშავება კი, ასე ვთქვათ,  ჩემი „კოზირი იყო“…    მოსკოვში ასევე ინტერიერის დიზაინის ბიუროს ხელმძღვანელად ვმუშაობდი. კიევში კი მომიწია მთავარ არქიტექტორად მუშაობა. ვხელმძღვანელობდი „ლუკოილ-უკრაინის“ სათაო ოფისის ინტერიერის პროექტირებას და განხორციელებას. მრავალი საინტერესო პროექტი და ხალხი დამამახსოვრდა უცხოეთში. მაგრამ  ნოსტალგიამ მაინც თავისი გაიტანა, მეუღლე ბოლო წლებში იძახდა ღამით სიზმრებში „თბილისში“  ვარ, დღისით კი აქ ვიღვიძებო. საქართველოშო მიმდინარე აღმშენებლობის პროცესები უცხოეთიდან სრულიად სხვაგვარად ჩანდა, თან ახლობლები გვთხოვდნენ დაბრუნებას.
ბოლოს, როცა უკრაინაშიც დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მივიღეთ დაბრუნების გადაწყვეტილება. ეხლა სტუ-ის დოქტორანტი გახლავართ, რა ვქნა, განვითარების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ყოველთვის ახალ მიზნებს ვისახავ გადასაჭრელად. ცხოვრების აზრსაც სიახლეების აღმოჩენაში ვხედავ.
მოსკოვის აგლომერაციის განვითარება, ელიტური დასახლებების გაჩენა სრულიად განსხვავდება საქართველოში არსებული სიტუაციისაგან. უბრალოდ იქ ნამუშევარ ადამიანს ძალიან გული დამწყდა, როდესაც საქართველოს უნიკალური ბუნების დამახინჯება ვნახე ახალი განაშენიანებით. იქ, სადაც მე ვმუშაობდი, შეიძლება ითქვას, რომ არაფრისაგან (ანუ ბანალური გარემოსაგან) ვქმნიდით უნიკალურ გამორჩეულ გარემოს, რომელსაც კორპორაცია დიდ ფულად აქცევდა. აქ კი, საქართველოში ღმერთმა გვაჩუქა უნიკალური ბუნება, რომელსაც თვითონ მოსახლეობა ინდივიდუალური განაშენიანების გამო, ამახინჯებს და რომლის ფასიც მალე, კაპიკიც არ იქნება! ამიტომაც, როცა ბაზალეთის ტბა ვნახე, გადავწყვიტე ამ საკითხისათვის მაინც მომეკიდა ხელი.

ქვეყნისათვის  საჭიროა ახალი ხედვები, ფართომასშტაბიანი აზროვნება, საჭიროა არა მარტო ცალკეული არეალების გენერალურ გეგმებზე, არამედ მთელი საქართველოს სივრცით გეგმაზე მუშაობა, რომელიც ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური დაგეგმვის საფუძველზე შეიქმნება.
მინდა მოგახსენოთ, რომ  მე, როგორც არქიტექტორს და პროექტის მართველს მაქვს ჩემი ხედვები, თუ რა თანმიმდევრობით და როგორ უნდა მოგვარდეს სიტუაცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გავაჟღერებ.  ჩემთვის კი, როგორც არქიტექტორისათვის და მენეჯერისათვის საინტერესო იქნებოდა  არა მარტო ბაზალეთის ტბის მიმდებარე არეალის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა, არამედ მთლიანად ამ  რეგიონის განვითარების პროექტზე და უფრო მეტიც მთელი საქართველოს სივრცითი განვითარების კონცეფციებზე, გეგმებზე მუშაობა. რა თქმა უნდა, არსებობს ბაზალეთის არეალის კვლევები, ასევე ქ. დუშეთის გენერალური 2016 წელს დაიდო. რეგიონში მიმდინარეობს გარკვეული დადებითი ძვრები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მაგრამ ნანახი გვეუბნება, რომ აუცილებელია სამუშაოების შესრულების იერარქია  ჩამოყალიბდეს, ეს კი მენეჯმენტის თემაა. ჩემს მიერ ასახული პრობლემების ნაწილი ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში იყო ჩამოყალიბებული „ბაზალეთის თემის ეკონომიკური განვითარების გეგმაში“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ იქნა შემუშავებული, „USAID NEO“ პროგრამის ფარგლებში. თუმცა პრობლემების აღწერა და შემდეგ მისი გადაჭრა, სულ სხვადასხვა სირთულის ამოცანებია. ალბათ უმჯობესი იქნება, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუსმინოთ, და მხოლოდ კონსოლიდირებული ქმედებით მოვაგვაროთ გადასაჭრელი პრობლემები-ამისათვის კი ძლიერი მენეჯერული აზროვნება და პროფესიონალიზმი გვჭირდება. ჩემი ცხოვრებისეული ემპირიული გამოცდილება კი მეუბნება, რომ ნებისმიერი სირთულის პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, თუ ამის საერთო ნება იქნება.