პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიტიკოსი არ არის:
– შეიძლება პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ პოლიტიკური ალღო გქონდეს. დღეს ელისაშვილი სასარგებლო იდიოტის როლშია. ნუ ეწყინება, მაგრამ ასეა. ორი კაცი შევა თუ არ შევა პარლამენტში, ეს არაფერს ცვლის, მაგრამ შეიძლება ამან ცუდი სამსახური გაუწიოს ოპოზიციას.
იმაზე ფიქრი, რომ დღეს ელისაშვილს ან “გირჩს” შეუძლია მმართველ პარტიას გამოსტყუოს ქვეყნისთვის სასარგებლო საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო სისტემა და ცესკოს თავმჯდომარის, ჟვანიას, ცვლილება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებზე “ქართული ოცნება” გარეგნულად მაინც დარჩა ივანიშვილის გარეშე. მისი ერთადერთი იმედი შეიძლება იყოს არჩევნების ეს ტექნოლოგია, მოქმედი სისტემა და თამარ ჟვანია. ამიტომ, “ოცნება” ჟვანიას ვერ შეელევა, ისე, როგორც დედა შვილს. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ვინც ამბობს, ხელისუფლება ამაზე დავიყოლიეო, არის სასარგებლო იდიოტი.
ივანიშვილის წასვლით ოპოზიციამ უნდა ისარგებლოს. ამბობენ, არსად წასულა! კი ბატონო, შეიძლება არც წასულა, მაგრამ ეს მოცემულობა უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ.
– როგორ?
– ივანიშვილი ღიად ვეღარ გამოჩნდება არჩევნებზე, ბილბორდებზე ვეღარ დაუდგება გვერდით ვერც ერთ კანდიდატს და ვერ იტყვის – მე მომეცით ხმა, მე ვიყრი კენჭს! ანუ ქსენია დიასახლისს ასე ღიად ვეღარ მოატყუებენ. ამით უნდა ისარგებლოს ოპოზიციამ.
კიდევ ერთი: როდესაც ლიდერი მიდის, ყოველთვის რთულია მემკვიდრეების ბედი. ეს ისტორიული კანონზომიერებაა პოლიტიკაში. ზოგჯერ ომი იწყებოდა და ზოგჯერ საერთოდ იშლებოდნენ. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა