მოკლედ, ქართველო ინტელიგენტო, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ და შენი სუსი არ გავიგო! მაგრამ ფერი გაარკვიე, ფერი!…

ბიძინამ, მართალია, დაამტკიცა, რომ ქართული ინტელიგენციის მოსყიდვაზე ადვილი არაფერია, მაგრამ ინტელიგენციაც დრო-დრო აგრძნობინებს, რომ მას პატრონის გაყიდვაც ძალუძს. ნუ, უბიძინო “ოცნების” მით უმეტეს.

 

მიშამ, მართალია, სცადა იმის დამტკიცება, რომ ქართული ინტელიგენციის “ჩარეცხვაზე” ადვილი არაფერია, მაგრამ ნამეტანი აღელდა, ცოტა გადაამლაშა და ბოლომდე ვერ მოასწრო. თუმცა, რადგან ვისი “ჩარეცხვაც” მოასწრო, ისინი უკან არავის “ამოურეცხია”, გამოდის, რომ მის გმირულ თავდადებას მთლად ტყუილად არ ჩაუვლია.
ზვიადი ინტელიგენციას არც ენდობოდა და არც სჭირდებოდა. რა დამავიწყებს, როგორ კიოდა მისი მომხრე ქალბატონი ტელევიზორში: “ნაშ პრეზიდენტ სამ ინტელიგენტ ი დრუგიე ინტელიგენტი ნამ ნე ნუჟნი”!
შევარდნაძემ ეს ხალხი საერთოდ ათლარიან “პაიოკზე” დასვა და, ერთი პირობა, მაინც მის მზეს ფიცულობდნენ. მერე, მართალია, მობეზრდათ და ახალგაზრდა “ედუარდებისკენ” მოკურცხლეს.
ჯაბა და თენგიზები კი თავად ინტელიგენტები იყვნენ. აბა, რომელი გაბედავთ და იტყვით – არაო!?
მოკლედ, ქართველო ინტელიგენტო, ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ და შენი სუსი არ გავიგო! მაგრამ ფერი გაარკვიე, ფერი!
გ.ლ. ?

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი