მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს

დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

როგორც ერთ- ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციები კვლავ გაგრძელდება. მისი ინფორმაციით დაუმორჩილებლობის აქციას, ასევე პიკეტირებას გეგმავენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ისინი მათ შეუერთდებიან.

“აქციის მიზანი იყო კიდევ ერთხელ მოგვეხდინა დემონსტრირება, რომ ადამიანები, რომლებიც კარვებში ვაპროტესტებთ უკანონო ხელისუფლებას, არ ვეგუებით ხელისუფლების უკანონო მიტაცებას, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეგვემატა ირაკლი ფანგანი, ზუსტად იგივე ინციდენტზე გიგა მაქარაშვილთან დაკავშირებით, საჯარო მოხელე დააწინაურეს, ხოლო აქტივისტი დააკავეს. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. დღეს შევხვდით ძალიან ბევრი დარგის წარმომადგენელს, ისინი აანონსებენ აქციებს, პიკეტებს, ასეთ დარღვევებს „კომენდანტის საათის“ და ჩვენ მათ აუცილებლად შევუერთდებით, ესენი არიან ხელოვანები, სამთო- ტურიზმის წარმომადგენლები და მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, ეს იქნება პიკეტები, ეს იქნება კომენდანტის საათის დარღვევები, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათმობს ძალაუფლებას, რომელიც აქვთ მიტაცებული”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 9:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც “ქართული ოცნების” ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.

ფანგანმა ბულვარზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარა.

მსვლელობის მონაწილეები ორთაჭალაში მდებარე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი გამართეს. მათ ასევე რამდენჯერმე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. შემდეგ მომიტინგეები გაემართნენ შსს-ს შენობისკენ, რათა ფანგანის გათავისუფლება მოეთხოვათ.

აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

დღის განმავლობაში თბილისში ერთბაშად ორი აქცია გაიმართა. მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ასეული ადამიანი ყველა მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბა. მეორე აქცია მზიურის პარკში მშობლებმა გამართეს. მათ მთავრობას მოსთხოვეს, უკვე 1 თებერვლიდან განახლდეს სასწავლო პროცესი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში და თანაც უშუალოდ საკლასო ოთახებში.

მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ, ყველაზე მასშტაბური კი 26 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

“სპუტნიკი”