საფრანგეთში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობ ალენ დელონის ყოფილი მეუღლე

საფრანგეთში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობ ალენ დელონის ყოფილი მეუღლე (1964-1968 წლებში) – ნატალი დელონი – ინფორმაციას ამის შესახებ “Paris Match”-ი ავრცელებს.

– “დღეს დილით დედაჩემი, ახლობლების გარემოცვაში, პარიზში გარდაიცვალა” – განაცხადა ალენ და ნატალი დელონების ვაჟმა, ენტონიმ.

ნატალი 1941 წელს, მაროკოში, ესპანური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ, მან ალენ დელონი გაიცნო. იმ პერიოდში ალენ დელონი და რომი შნაიდერი უკვე დანიშნულები იყვნენ, თუმცა ვარსკვლავები ერთმანეთს მალევე დაშორდნენ და 1964 წელს მან ცოლად ზუსტად ნატალი მოიყვანა. 1964 წელს მათ შეეძინათ ვაჟი – ენტონი.

1967 წელს ნატალიმ მონაწილეობა მიიღო ალენ დელონთან ერთად ფილმში “სამურაი”, შემდეგ ის თამაშობდა ფილმებში რობერ ოსეინთან, ლინო ვენტურასთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად, თუმცა მას, როგორც მსახიობს, დიდი აღიარებისთვის არ მიუღწევია.

1968 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, “Le Dauphine”-სთან ინტერვიუში ნატალიმ დაშორების მიზეზად მეუღლის გაუთავებელი ღალატი დაასახელა. მიუხედავად დაშორებისა, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

2021 წლის 11 იანვარს საკუთარ Instagram-ზე ენტონი დელონმა გამოაქვეყნა მშობლების ფოტო წარწერით – “სიყვარული დაუმარცხებელია”.

წყარო: ptn.ge