„კმარას“ ყოფილი აქტივისტი თეა თუთბერიძე, რომელიც წლებია, ბრიტანეთში ცხოვრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართავს.
„გადავწყვიტე, რომ ნიუსებს აღარ ვუყურო, მაგრამ მეგობარმა დამირეკა ახლა და მომიყვა ერთ–ერთი აქტივისტის, გვარად ფანგანის დაკავების ამბავს ბათუმში, რომელიც არჩევნების გაყალბების ამბებს აპროტესტებდა და თვეებია უკვე კარავში ათენებდა და აღამებდა. ხო და ამ აქტივისტს ვიღაც ნაციონალების სიით გასული ვინმე ჩავლეიშვილისთვის, რომელიც ამდგარა და დეპუტატად შესულა უზენაეს საბჭოში, ნაგვის ურნა დაუმხია თავზე (რაც მე თუ მკითხავთ კიდევ ცოტაა).
ხო და ეს აქტივისტი დაუკავებიათ ქოცებს. ქოცები ახლა იქეთ იყოს. მაგათზე ლაპარაკს და დროის დაკარგვას არ ვაპირებ. პუტინის მონებს ვუკითხო ლექციები კანონზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და ა.შ. ეგ იგივეა, ვირს ელაპარაკო თავისუფლებაზე.
მე „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წარმომადგენელს მინდა მივმართო, ახლა რომ გამოდიან თურმე და მორალს უკითხავენ იმ ყინვაში და წვიმაში თვეების განმავლობაში გარეთ მყოფ ახალგაზრდებს. საერთოდ რა უფლება გაქვთ მორალი წაუკითხოთ ადამიანებს, რომლებიც აგერ უკვე 9 წელია თქვენ უუნარობას და უმაქნისობას უყურებენ და კიდევ თქვენ მხარდამჭერებად რჩებიან? თქვენ გგონიათ „ქართული ოცნება“ ამდენი ხანი რომ არის ხელისუფლებაში, ეს თქვენი „კარგად და სწორად მუშაობის“ შედეგი არ არის?
ამ 9 წლის განმავლობაში რა გააკეთა ან სალომე სამადაშვილმა, ან რომან გოცირიძემ ან კიდევ ბევრმა სხვამ მაგ პარტიაში იმისთვის, რომ ის რეალობა აღარ ყოფილიყო, რომლის შეცვლასაც ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით ტელეეკრანებიდან ჰპირდებოდით პარტიის მხარდამჭერებს? თუ გგონიათ, რომ თქვენი გარდერობის გამომზიურებით ინტერვიუების მიცემისას, შეცვლით ხელისუფლებას, რომელიც აგერ უკვე 9 წელია განუვითარებლობის ჭაობში მიაქანებს ქვეყანას?
რომელ ბოლშევიზმზე და ძალადობაზე ლაპარაკობს ბატონი რომან გოცირიძე? გაუგია საერთოდ რამე პოლიტიკური აქციების დროს გამოხატვის თავისუფლებაზე და გამოხატვის თავისუფლების ფორმებზე? თუ თავი ისევ საბჭოთა კავშირში ჰგონია? საჯარო პირებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მყოფებს, თმენის ვალდებულება რომ გაქვთ და მოქალაქეებს თუნდაც თქვენი ნაგვის ურნებში ჩაყუდების უფლება პოლიტიკური პროტესტის ფორმებში, ეს საბჭოთა კავშირში რომ არ გექნებათ გაგონილი ბატონო რომან ეგ ვიცით, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომაც ევროპული განვითარების კურსი აიღო იმ “სისხლიანი 9 წლის“ განმავლობაში და გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობაც ევროპული გახდა.
ეტყობა ეს ინფორმაცია ჯერ თქვენამდე არ მოსულა. ან ქალბატონ სალომე სამადაშვილს თუ სმენია რამე გამოხატვის თავისუფლების ფორმებზე, თურმე მორალს რომ უკითხავს იმ ახალგაზრდებს? ერთხელ მაინც ჩაბრძანებულა ქალბატონი სამადაშვილი და ერთი ღამე მაინც გაუთევია იმ ახალგაზრდებთან ერთად? რა უფლებით გამოდიხართ საერთოდ და ბედავთ რომ აკრიტიკოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი უუნარობისდა მიუხედავად, ისევ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებად რჩებიან და იმაზე გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე პარტიის ოფისში თბილად მოკალათებული თითოეული თქვენგანი?“, – წერს თუთბერიძე.