12 შეწყვეტილი ტენდერი, 2 დისკვალიფიკაცია, შავ სიაში ჩასმის მოთხოვნები – კომპანია, რომლის საჩივრის საფუძველზე მაღალჩინოსანი დააკავეს

დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე, მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

სუს-ი აცხადებს, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან დაიბარა “შპს ჯი ელ გრუპის” (დირექტორი მაია გოგობერიშვილი) წარმომადგენელი კაბინეტში და მას უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა ტენდერში და სამაგიეროდ, სხვა ტენდერს მის კომპანიას მოარგებდა. როგორც სუს-ი ამტკიცებს, ლადო გოქსაძემ კომპანიას სთხოვა, ტენდერი მეორე კომპანიის “შპს მშენებელი +”-ის სასარგებლოდ დაეთმო.

კომპანია “ჯი ელ რუპმა” მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მოიგო კიდეც ტენდერი, თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და ახლა ის ადანაშაულებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომ ეს მან “იძია შური”.

სუს-ი არ ედავება თანხის აღებას ლადო გოქსაძეს, არ ედავება ქრთამს და მეტიც, ტვ პირველის ინფორმაციით, მათ ამ დრომდე არ ჰყავთ დაკითხული შპს მშენებლი+ -ის დამფუძნებელი, ანუ, იმ კომპანიის, რომლისთვისაც სატენდერო პირობებს “აწყობდა” გამგეობა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტვ პირველთან “მშენებელი+”-ის დამფუძნებელი თავად აღიარებს, რომ ფიქტიურადაა მისი გვარი დოკუმენტებში, თორემ, არც წილს იღებს, არც ხელფასს.

რაც შეეხება კომპანიას, რომელსაც “აუკრძალეს” ტენდერის მოგება, მაგრამ მაინც მოიგო, ჩუღურეთის გამგეობამ მართლაც შეუწყვიტა ჯი ელ გრუპს, რომელსაც სახლის გამაგრების სამუშაოები უნდა შეესრულებია, ხელშეკრულება, მაგრამ სახელმწიფ შესყიდვების სააგენტოს გვერდზე თქვენ ნახავთ აღნიშნული კომპანიის წერილს, რომელიც სთხოვს ჩუღურეთის გამგეობას გაუგრძელდეს ჩაბარების ვადა, რადგან “მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამუშაოების დროს ჩამოინგრა სახლის კედელი და სახურავი” და მიუხედავად იმისა, რომ ჩუღურეთის გამგეობამ მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილა, კომპანიასთან ხელშეკრულება მაინც შესრულებლობის გამო შეწყდა.

კასპი, 2020 წელი, “ჯი ელ გრუპი” – მოგებული ტენდერის ღირებულება 785 783 ლარი – ამჯერად, კომპანია გამგეობას წერს, რომ ობიეტის მიმდებარედ სარწყავი არხი რომ იყო, იმ არხის კედელი ჩამოინგრა და სამშენებლო ტერიტორია დაიტბორა. მეორედ კი, იგივე არხში ვიღაცამ წყალი მოუშვა და ისევ დაიტბორა სამშენებლო სამუშაოებიო და ისევ ითხოვს ვადის გაგრძელებას. სამუშაოს შესრულების ვადა თავიდან იყო 120 დღე, თუმცა კასპის გამგეობა მას უგრძელებს 63 დღით. ამ ეტაპზე ეს მიმდინარე ხელშეკრულებაა და ვნახოთ როგორ დასრულდება.

თეთრიწყაროს რაიონი 2020 2. – თეთრიწყაროს მერია ხელშეკრულებას უუქმებს “ჯი ელ გრუპს”, მოგებული ტენდერის ღირებულება იყო 105 000 ლარი.

დიდუბის გამგეობა 2020 წელი – ჯი ელ გრუპის მიერ მოგებული ტენდერის ღირებულება 73 499 ლარი, მას უნდა გაემაგრებია ფიფიების ქუჩაძე მდებარე სახლი – შეუსრულებელი სამუშაობს გამო, დიდუბის გამგეობა აჯარიმებს, ითხოვს მის შავ სიაში გადაყვანას.

დიდუბის გამგეობა, 2020 წ. – ჯი ელ გრუპმა ისევ მოიგო ტენდერი, ამჯერად 85 758 ლარად და ვალდებულება აიღო გაემაგრებია თამარ მეფის გამზირზე მდებარე სახლი – ხელშეკრულება გაუქმდა შეუსრულებლობის გამო.

კრწანისის გამგეობა – 2020 წ. – ჯი ელ გრუპი იგებს ტენდერს 113 835 ლარად, კრწანისის გამგეობა მას ხელშეკრულებას უწყვეტს და ითხოვს მის გადაყვანას შავ სიაში.

კრწანისის გამგეობა, 2020 წ. – ჯი ელ გრუპი იგებს ტენდერს 140 648 ლარად, ამჯერადაც შესასრულებელია სახლის გამაგრების სამუშაოები, ამჯერადაც, სამუშაოს შეუსრულებლობის გამო მას უწყვეტენ ხელშეკრულებას და კრწანისის გამგეობა ითხოვს მის შავ სიაში შეყვანას კიდევ ერთხელ.

ჩუღურეთის გამგეობა – 2020 წელი. ჯი ელ გრუპის კიდევ ერთი მოგებული ტენდერი 39 078 ლარად, ჩუღურეთის გამგეობა ისევ ვადაგადაცილებას ედავება.

ვაკის გამგეობა – 2020 წ. ჯი ელ გრუპის მოგებული ტენდერი 160 402 ლარად, ამ ფასად მას წყნეთში გაგრის ქუჩაძე უნდა გაემაგრებია სახლი – ხელშეკრულება აქაც შეუწყვიტა გამგეობამ შეუსრულებლობის გამო.

ისევ ვაკის გამგეობა, 2020 წელი, კომპანია იგებს ტენდერს 155 542 ლარად, არაყიშვილის ქუჩაზეა ამჯერად სამუშაოები ჩასატარებელი, ისევ იგივე მიზეზით უწყვეტს ხელშეკრულებას ვაკის გამგეობა.

კრწანისის გამგეობა – 2020 წ. 164 229 ლარად მოგებული ტენდერის პირობებს კომპანია ვერ ასრულებს, როგორც ამას გამგეობა წერს, მას ისევ უწყვეტენ ხელშეკრულებას და კრწანისის გამგეობა ისევ ითხოვს მის შავ სიაში შეყვანას.

მთაწმინდის გამგეობა 2020 წელი – ტენდერი მოიგო ჯი ელ გრუპმა, მაგრამ მთაწმინდის გამგეობა მას დისკვალიფიკაციას აძლევვს დოკუმენტების გამო.

კასპის გამგეობა, სატენდერო წინადადების ფასი 78 000 – დისკვალიფიკაციას აძლევს ჯი ელ გრუპს დოკუმენტაციის გამო…

აი, ეს არის კომპანია, რომლის წარმომადგენელიც, სუს-ის მტკიცებით, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილემ, ლადო გოქსაძემ დაიბარა კაბინეტში და უთხრა, ოღონდ ახლა არ მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ტენდერს შენზე მოვარგებო.

ცოტა არ იყოს ძნელი იქნება ასეთ კომპანიას, რომელიც თითქმის ვერც ერთ დაწესებულ ვადებში ვერ ეტევა და ხშირად დოკუმენტაციის წარდგენისასაც აქვს პრობლემა, რამე ტიპის ტენდერი მოარგო, ალბათ…

ახლა ველოდებით როდის დაიწყებს სუს-ის გამოძიებას კასპისა და თეთრიწყაროს, დიდუბისა და კრწანისის, ვაკისა და მთაწმინდის გამგეობებში – აკი, ყველა ამ რაიონში შეუწყვიტეს კომპანიას ხელშეკრულება და იქაც ლადო გოქსაძის მსახვრალი ხელი ხომ არ მისწვდებოდა?

რატომ არ არის ამდენი მოთხოვნის მიუხედავად კომპანია შავ სიაში? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს!

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სრულიად გაუგებარია ჩუღურეთის გამგებლის განცხადება, რომ მან არაფერი იცოდა, მაშინ როცა ხელშეკრულებებზე, მათ გაგრძელებასა და შეწყვეტაზე მისი ხელმოწერაა! უცნობია, მისი დაკითხვის გარეშე, სრული ინფორმაცია როგორ მიიღო სუს-მა?

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, შეწყვეტილ ხელშეკრულებებთან ერთად დევს ფოტოებიც და გამგეობები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ამ მდგომარეობაში დატოვა შესრულებელი სამუშაო! უცნობია, რა მდგომარეობაში დატოვა ჩუღურეთში შეუსრულებელი სამუშაო კომპანიამ, ჩუღურეთის გამგეობას ფოტოები არ აქვს გამოქვეყნებული.

დღეს კი, “ალიას” ორშაბათის ნომერში ვწერდით, რომ კახა კალაძის ჯგუფის მიმართ დაიწყებოდა შეტევა  – დამთხვევაა ვითომ?

რა გითხრათ, თუ შეიძლება ამდენი შეწყვეტილი ხელშეკრულება იყოს დამთხვევა, თუ შეიძლება იყოს დამთხვევა, შავ სიაში ჩასმის ამდენი მოთხოვნის იგნორი, მაშინ, ყველაფერი შეიძლება…

ერთს კი დავძენთ, თუ ტენდერში ორი კომპანია იღებს მონაწილეობას, საიდანაც ერთის შავ სიაში ამაოდ ითხოვენ და მეორეს კი ფიქტიური მფლობელი ჰყავს – არ ყოფილა ჩვენი საშველი, ვაის და ვუის შორის გვქონია ასარჩევად საქმე და რაღა გასაკვირის მაშ, რომ საქმე ან არ კეთდება, ან უხარისხოდ კეთდება?