დღეს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე, მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
აცხადებენ, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან დაიბარა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი კაბინეტში და მას უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა ტენდერში და სამაგიეროდ, სხვა ტენდერს მის კომპანიას მოარგებდა. კომპანიამ მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და მოიგო კიდეც ტენდერი, თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და ახლა ის ადანაშაულებს ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, რომ ეს მან “იძია შური”. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტენდერის და ამ კომპანიის ისტორია საკმაოდ უცნაურია და ამას ცალკე გიამბობთ.
“ალიას” ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა მასალა, რომელშიც სწორედ იმაზეა საუბარი, რომ მალე დაიწყება ბიზნესგადანაწილებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში პირველ დარტყმას კახა კალაძის ერთგული ადამიანები მიიღებენ, ვინ არის და ვინ იქნება დაინტერესებული კახა კალაძის გუნდით, მასალიდან შეიტყობთ:
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლამ, ათასი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. მედიით მრავალი ვერსია გავრცელდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა. ცხადია, ბევრს არ სჯერა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან. ფიქრობენ, რომ ის, პარტიული თანამდებობის გარეშე, კვლავ დარჩება ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, როგორც აქამდე იყო. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო, მნიშვნელოვან ინფორმაციებზე დაყრდნობით, „ალიას“ სთავაზობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა–არ წასვლის თაობაზე და გვიმხელს მოვლენების განვითარების მისეულ ვარიანტებს.
„ირაკლი კობახიძე და მისი ულტრალიბერალური გუნდი, დღეს ივანიშვილის მორჩილები არიან. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიდის შიდა ბრძოლა კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის გუნდებს შორის. ამერიკასა და ევროპაში, ე.წ. კონსერვატორების გუნდი, კალაძის მეთაურობით, პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევიან. დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირაკლი კობახიძის ულტრალიბერალური გუნდი დააწინაუროს და დროთა განმავლობაში, მათ ჩაუგდოს ხელში ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, უპირველესად, პრემიერის პოსტი და ძალოვანი უწყებები.
წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ამერიკა და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკრებულოებში, „ქართული ოცნების“ კვოტით, კობახიძის თანაგუნდელები უფრო მეტნი მოხვდნენ, ვიდრე კახი კალაძისა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, გაწიროს ძველი თანაგუნდელები, რადგან მისთვის სრული უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ამერიკას და ევროპას შეუძლიათ. რუსეთი ამგვარ გარანტიებს ვერ მისცემს. შესაძლოა, კახი კალაძე ხელმეორედ გახდეს თბილისის მერი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რეგიონების საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლი, სრულად კობახიძის გუნდის ხელში იქნება და „კონსერვატორები“ თუ ძველი მეოცნებენი, მისკენ გადაიხრებიან – საითაც ძალას და სათავისო პერპექტივას დაინახავენ, იქით წავლენ. კობახიძესთან საქმის დალაგებას უკვე ცდილობენ „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, რომლების მისი ლანძღვა–გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ ბოლო ხანებში და ივანიშვილის მტრად მიაჩნდათ. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომით, შეიცვლება მთავრობა და პრემიერისა და ძალოვანი მინისტრების პოსტებს კობახიძის გუნდი ჩაიგდებს ხელში. პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე არის მისი თანაგუნდელი არჩილ თალაკვაძე. ფაქტობრივად, სრულად გააკონტროლებენ ხელისუფლებას და ამ პროცესს ივანიშვილი ხელს არ შეუშლის.
ყველას შეუქმნიან პრობლემებს, ვინც მსხვილ ბიზნესებს აკონტროლებს საქართველოში. აქ მოიაზრება კალაძის გარამოცვაც, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო, ენერგორესურსების, საბანკო სექტორს… ივანიშვილის გარემოცვიდან ბევრს მოუწევს დათმოს მსხვილი ბიზნესები. ირაკლი კობახიძე არ არის იმის ჩიტი, ბიზნესები ფარცხალაძეებსა და კალაძეებს დაუტოვოს. ბიზნესის გადანაწილების მომსწრენი აუცილებლად გავხდებით და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს სისხლიანი პროცესი, კრიმინალური გარჩევებით, მკვლელობებით, თავისი დაჭერებითა და პატიმრობებით. ასეა, ვინც ძალაუფლებას ფლობს, მსხვილ ბიზნესსაც ის აკონტროლებს. დაბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ეპოტინება საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებას, ეს გამორიცხულია. სააკაშვილი ამერიკაშიც და ევროპაშიც ჩამოწერილია, მას სერიოზულად აღარ განიხილავენ და არ ჯდება მათ სამომავლო გეგმებში“– აცხადებს „ალიას“ წყარო.
ლევან ჯავახიშვილი, ალია