რა უფლებამოსილება მიენიჭებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

კანონპქროექტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

„უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ყველა სრულფასოვანი ბერკეტი მათ ხელშიც იყოს, მათ შორის დებატები ინტერპელაციის წესით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.

 

ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვების დროს, აგრეთვე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან>>

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

“სპუტნიკი”