ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტვ პირველის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე სოციალური აფეთქების ზღვარზეა და არავინ იცის ხალხში დაგროვილი ეს პრობლემები და აგრესია მწვავედ როდის იჩენს თავს:
“პანდემიის დროს, სახელმწიფო პროგრამებით რომ ხალხს ეხმარებოდნენ, ეს იმათ არ მიუღიათ, ვისთვისაც საჭირო იყო და ვისაც მართლა უნდა დახმარებოდნენ. ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ დაბალ ფენას, უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები გახდნენ. ღარიბები უფრო გაღარიბდნენ, მდიდრები უფრო გამდიდრდნენ. ადამიანები თუ ადრე დღეში ორ პურს ყიდულობდნენ, ახლა ისე გაუჭირდათ, რომ გრამობითაც ვერ ყიდულობენ. მართალი გითხრათ, მე აქამდეც ველოდებოდი ამ სოციალურ აფეთქებას და მეგონა ამდენ ხანს ვერ გაძლებდნენ. იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს შეკითხვა: რას ჭამს ეს ხალხი? რითი არსებობს? გადასახადებს რითი იხდის? შვილებს როგორ კვებავს? ვერ ვხვდები ეს ხალხი რას უყურებს. აქამდე როგორ არ მოხდა, რომ მათ ეს დაგროვილი აგრესია არ მოაწვა და არ აფეთქდა, არ ვიცი. მაგრამ, ალბათ ისიც არის, რომ მშიერი ადამიანის მართვა ბევრად უფრო მარტივია. ალბათ ეს ადამიანები, იმითაც მადლობლები არიან, როცა მასთან მიხვალ და რამე მცირედს, ხუთ კილო კარტოფილს მიუტან. რადგან ესეც მათთვის რაღაც შვებაა და არ ვიცი როდემდე გავძლებთ ასე და როდის ავფეთქდებით”.-აცხადებს მუსერიძე.