ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გოგსაძისთვის გირაოს მოითხოვდა.

გოგსაძის დაკავების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი.

გამოძიების ვერსიით, საჯარო მოხელემ, როგორც სატენდერო კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გამაგრებაზე 2020 წლის 30 აპრილისთვის გამოცხადებული ტენდერის დროს,29 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

“სპუტნიკი”