ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წირვა ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ, თუ ასე საზოგადოების პოლარიზება იყო ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენთაგანისათვის. ღმერთმა მოგვცეს ერთსულოვნება, სამწუხაროდ, როდესაც შევთავაზებთ ეკლესიაში მოსვლასაც, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად, ძალიან ბევრს ვიცნობ, თუნდაც უცხოეთში და სხვა სიყვარული აქვთ იმათ თავიანთი ქვეყნის და ჩვენი ქვეყანაც უყვართ. რა სეკულარიზმზე მელაპარაკები, სად გისწავლია, გაარკვიე რა არის, საქართველოში არ ყოფილა რომ ეკლესია თავის ხალხთან არ დამდგარიყოს, დღეს ხელისუფლებასაც დავლოცავ და ოპოზიციასაც, იმიტომ რომ მაგენი ცოტანი არიან და ძირითადად დანარჩენი საქართველო ვართ და დანარჩენ საქართველოსაც განსაკუთრებით დავლოცავთ. ღმერთმა მშვიდობიან საქართველოში გვაცხოვროს და ეს დიდი გასაჭირი გადაგვატანინოს, თუ ერთობა არ გვქონდა, ძალას ვერ ვხედავ, რომ ქვეყანა განავითაროს, მაგრამ თუ ერთობა გვქონდა ყველა ერთად განვვითარდებით,”- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
მან კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმების წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დალოცა:
“მე მინდა დავლოცო ჩვენი ექიმები, მართლა გმირები არიან და ძლიერები, მაგათ სიმამაცეს ნურავინ დავიბრალებთ, რაც უნდა გაეკეთებინათ ათასჯერ მეტი გააკეთეს,” – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.
ქვეყანაში არსებულ კრიზისზე კომენტარი ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელმა ქადაგების შემდეგ მედიასთანაც გააკეთა და ოპოზიციაზე განაცხადა, რომ მათ ქმედებები უნდა შეცვალონ, რადგან ქუჩის პროტესტი შედეგს ვერ აღწევს და ქვეყანას აზიანებს.
“ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ, ხალხი ვერ გამოყავთ. წარმოიდგინეთ ახლა, ეკლესიას რომ დაჭირდეს და ხალხს დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ თუ ასე გააგრძელეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს,”- აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.
მთავარეპისკოპოსი იაკობის თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელი ერთიანობა და თუ ამას ამჟამად არსებული ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ მიაღწევს, აუცილებლად გამოჩნდება მესამე ძალა:
“ცალცალკე ვერავინ ვერ შეძლებს. არც პოზიციას, არც ოპოზიციას პირადად მე, როგორც ვუყურებ. ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, იქნება მესამე ძალა, მესამე ძალაში შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის, არ მივცემთ მაგის უფლებას,” – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
“რუსთავი2”