„ოცნების“დეპუტატი ხელისუფლების წინააღმდეგ

ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია, აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამტკიცება შეუძლებელია.

ოთარ მარშავა დახმარებას და სამართლის აღდგენას ითხოვს – საქმე ეხება 4.500 კვადრატულ მეტრს, სადაც 5 შენობა-ნაგებობა დგას.

უძრავი ქონება ოთარ მარშავამ 2017 წელს 800.000 $-ად ლეილა ხუნჯუასგან შეიძინა. საბუთები საჯარო რეესტრში და ნოტარიუსთან გაფორმდა. ქონების შეძენიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ კი ხუნჯუამ “ოცნების” დეპუტატს მოსთხოვა, ქონება დაებრუნებინა, იმ მოტივით, რომ ამ მიწის ნაკვეთით კონკრეტული მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული.

ვისზეა საუბარი, ოთარ მარშავას თქმითვე, მისთვის უცნობია.

ლეილა ხუნჯუამ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს ახალციხის რაიონულ სასამართლოში უჩივლა – სასამართლომ კი სამოქალაქო დავაში ოთარ მარშავა გაამართლა და დადგინდა, რომ დოკუმენტაცია წესრიგშია და თანხა სრულად გადახდილია.

საქმე დეპუტატის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ქონებას ყადაღა მაინც ადევს, რადგან პარალელურად ლეილა ხუნჯუამ პროკურატურს მიმართა და ამტკიცებს, რომ მარშავამ მას საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.

საქმის პროკურორი, გუჯა ტაბუცაძე, აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-თი და ოთარ მარშავას ბრალდებას, რომ საქმე თაროზეა შემოდებული და კონკრეტული მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები, უარყოფს.

პროკურორი არ გამორიცხავს იმასაც, რომ დეპუტატზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს – მარშავა კი ამ დრომდე საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს.

ოთარ მარშავას მიწის ნაკვეთზე ბიზნესი უნდა წამოეწყო, აპირებდა, რომ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა გაეხსნა, ინვესტორიც უკვე მოძებნილი ჰყავდა, თუმცა ყადაღამ გეგმები ჩაუშალა.

ზუგდიდის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა სარჩელი სტრასბურშიც შეიტანა. საქმე კი წარმოებაში მიიღო და ახლა ქართული მხარისგან ელოდება დოკუმენტების გადაცემას.

ამ თემაზე ლეილა ხუნჯუა კომენტარს არ აკეთებს და დუმილის უფლებას იყენებს.