კრემლმა ბაიდენის ადმინისტრაცია კომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო

როგორც ცნობილია, 26 იანვარს აშშ და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ინიციატორი ჯო ბაიდენი გახლდათ.

ვლადიმირ პუტინის მხრიდან ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისათვის პროტოკოლური მილოცვის გარდა, საუბარში სხვადასხვა თემები იქნა განხილული, თუმცა უმთავრესი და შედეგიანი ფაქტია ის, რომ ამერიკული მხარე იძულებული გახდა, დაეთანხმოს რუსეთის პოზიციას და უპირობოდ გააგრძელოს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმება (СНВ-3) კიდევ ხუთი წლის ვადით.

ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს – გოსდუმის მონაცემებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე წარადგინა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის, რომელიც СНВ-3-ის გახანგრძლივებას 2026 წლის 5 თებერვლამდე ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე.

მსოფლიოში გლობალური ომის გამორიცხვის თვალსაზრისით ეს ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის სასიხარულო ცნობა გახლავთ. თუმცა ქართულ მასმედიაში ამ ფაქტს ყურადღება ცოტა ვინმემ თუ მიაქცია.

ასევე აღსანიშნავია, რომ დემოკრატიაშერყეული შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც არ ეშვება ვაშინგტონის ტრადიციულ პოლიტიკას – სხვა ერებისა და სახელმწიფოებისათვის ჭკუის სწავლებას, დემოკრატიის საკუთარი ხედვის თავსმოხვევასა და მათ საშინაო საქმეებში ჩარევას. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო სასაცილო ხდება ამერიკელების ეს მიდგომა, შიდაამერიკული პრობლემების ფონზე.

ამჯერად, ჯო ბაიდენსაც ჰქონდა მცდელობა, რუსეთის ლიდერისთვის ესწავლებინა, თუ “რა არის დემოკრატია” და მასთან ნავალნის დაკავება, მიტინგების დაშლა და უკრაინაში რუსეთის “აგრესიის” საკითხები ახსენა. თეთრმა სახლმა არ დააყოვნა და ამერიკულ მასმედიას ამის შესახებ ამცნო. მაგრამ, საინტერესო პასუხი გასცა რუსულმა მხარემ ბაიდენის ამ თავხედობას, რითაც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო: კერძოდ, კრემლის ადმინისტრაციამ ბაიდენის მხრიდან დასმული საკითხები საუბრის ოქმში საერთოდ არ ჩაწერა და არც გამოაქვეყნა. ამ იგნორირებით ამერიკის ახლად გამომცხვარ მხცოვან პრეზიდენტს აგრძნობინეს, რომ პუტინი ამერიკულ კაპრიზებს ყურადღებას არ მიაქცევს და ცინიკურად მოეკიდება ვაშინგტონის ნებისმიერ მცდელობას, ჩაერიოს რუსეთის საშინაო საქმეებში და ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის პრიორიტეტულ სამეზობლო პოლიტიკაზე.

სამაგიეროდ, რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს ამერიკასთან გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე, რუსეთი ცივილიზებული სამყაროს ავანგარდში სხვა ერებთან ერთად დგომისათვის მზად არის.