შესაძლებელია თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების ვადის გადავადება – “ევროპული საქართველოს” წევრი არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, თუკი იარსებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება.
არმაზ ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ვადა უნდა იყოს გამოყენებული სიტუაციის გადატვირთვისთვის და აღნიშნა, რომ ამისათვის აუცილებელია ოპოზიციამ გაიაზროს რეალობა და არარეალური მოთხოვნები არ დააყენოს.
“ყველა ტექნიკურ საკითხს, კანონსაც კი, მით უმეტეს, ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, აღემატება პოლიტიკური ნება. თუ ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს, შესაძლებელია გადავადდეს, მაგრამ გადავადება არ არის პრობლემის მოგვარება. თუ გადავადდება, მხოლოდ იმიტომ აქვს ამას აზრი, რომ გადავადების ის მცირე პერიოდი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხდეს ამ ვითარების გადატვირთვა.
ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება, რაც არარეალურია. არ შეიძლება ფორსირება, არ შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებს, რომელიც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომ გინდა თუ არა ახლა, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მე გონივრულ ვადაზე ვსაუბრობ. ჩემთვის ამოსავალი ისაა და ამ მიზნით მზად ვარ მოლაპარაკება გავმართო ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერ ფორმატში, ერთი პირობით: თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არა მოჩვენებითი, რაც დღემდე გვქონდა, 20 წლის განმავლობაში, მოჩვენებითი, ფასადური კვაზი დემოკრატია, აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველა ნაბიჯს, რაც აქეთკენ იქნება მიმართული, მივიღებ და ტაშს დავუკრავ და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად, გონივრულ ვადაში, მესახება ახალი არჩევნების ჩატარება. იქნება გაიმარჯვოს “ოცნებამ” და მაშინ ყველა ვაღიარებთ, ოღონდ, იმ ახალ არჩევნებთან უნდა მივიდეთ გამართული საარჩევნო სისტემით და დემოკრატიული საარჩევნო გარემოთი” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2 თებერვალს იწურება ვადა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტს საკითხი უნდა განიხილოს.
წყარო: itv.ge