COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივას დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ.
პროექტის მიხედვით, ვაქცინის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ზიანი მწარმოებლის, კლინიკის ან/და მედპერსონალის შეცდომით არ იქნება გამოწვეული.
პასუხისმგებლობების გადანაწილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნაა.
“საქართველოს აქვს უცვლელი პირობა, რომ ვაქცინა აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების და მას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. კოვაქს პლატფორმაზე თვის ბოლოს უკვე იქნება ცნობილი, რომელი ქვეყანა რა რაოდენობით ვაქცინას მიიღებს. ჩემი ოპტიმისტური გათვლით, საქართველოში პირველი კვარტლის ბოლოს უნდა გვქონდეს პირველი ეტაპი ვაქცინისა და დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს,” – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
“რუსთავი2”