„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
მისი შეფასებით, რაც დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება, ამ ვითარებით მხოლოდ „ქართული ოცნება“ სარგებლობს.
„თუნდაც აჭარაში მომხდარი ინციდენტი მოვიყვანოთ, თავზე ნაგვის გადაყრა, ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. ეს არის ჩემი პოზიცია და მე ამით არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა. ეს არ არის პოზიტიური შედეგის მომტანი ოპოზიციისთვის. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ბარამიძის შეფასება ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ უფიქრია მას პარტიის დატოვებაზე, სამადაშვილი პასუხობს:
„როცა ამოიწურება მანდატების საკითხი, ჩვენ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პროცესს ვიხილავთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ოპოზიციას დასჭირდება სრულიად ახლებური დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებას უჭირს ოპოზიციის ნდობა. ნაწილი ამბობს, რომ არ უნდათ პოლიტიკოსებთან ერთად დგომა. ძალიან დიდი გამოწვევა არის ოპოზიციიისთვის ახალი დღისწესრიგის შექმნის პარლამენტის გარეთ და ამას სჭირდება საზოგადოების კონსოლიდირება და იმ პოლიტიკური დღისწესრიგით სიარული, რომელიც არ დაანაწევრებს ოპოზიციას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.