2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა. შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა – ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აცხადებს.
მათივე ინფორმაციით, სააარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა.
„აქედან: საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა. აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე;
საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით. ეს ხარვეზებია: შესწორების ოქმს აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემისთვის განკუთვნილ დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი; არ არის გაკეთებული მითითებები შესწორების შესახებ; არასწორად აქვს მითითებული კომისიის ბეჭედი, თარიღი და/ან დრო; აკლია კომისიის წევრის ხელმოწერა, რომელიც ხელს აწერს შესწორების ოქმს; ცარიელი გრაფები არ არის შევსებული X-ით; ბალანსი არ შედგა და ნაკლებობაში აისახა;
საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული “მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, აქედან, საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა.
„საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.
შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი აქტია, რომლის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით. შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა „შესწორებულია” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
წყარო: report.ge