“ივანიშვილს “ოცნების” ყველა ლიდერზე აქვს კომპრომატები, სუს-ი წლების განმავლობაში მუშაობდა ამაზე, ესეც მისი უსაფრთხოების გარანტიაა”

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლამ, ათასი მითქმა–მოთქმა გამოიწვია.

მრავალი ვერსია გავრცელდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ირაკლი კობახიძეს გადაულოცა. ცხადია, ბევრს არ სჯერა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან. ფიქრობენ, რომ ის, პარტიული თანამდებობის გარეშე, კვლავ დარჩება ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, როგორც აქამდე იყო. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო, მნიშვნელოვან ინფორმაციებზე დაყრდნობით, „ალიას“ სთავაზობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა–არ წასვლის თაობაზე და გვიმხელს მოვლენების განვითარების მისეულ ვარიანტებს. ასევე, წყარო გვეუბნება რეალურ მიზეზს, რის გამოც, ივანიშვილმა საკუთარი 5 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ანგარიშზე გადარიცხა და ამით ხალხს აფიქრებინა, რომ ეს თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტებს და თავისთვის მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა. მისივე უსაფრთხოების გამო, წყაროს ვინაობას არ ვასახელებთ, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

„ალიას“ წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ამ ეტაპზე, სრულად ინარჩუნებს კონტროლს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ცოტა ხანში, მისი მთავარი საზრუნავი გახდება პირადი და ოჯახის უსაფრთხოება და საკუთარი ფულისა და ქონების შენარჩუნება:

„ირაკლი კობახიძე და მისი ულტრალიბერალური გუნდი, დღეს ივანიშვილის მორჩილები არიან. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიდის შიდა ბრძოლა კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის გუნდებს შორის. ამერიკასა და ევროპაში,  ე.წ. კონსერვატორების გუნდი, კალაძის მეთაურობით, პრორუს პოლიტიკოსებად მიიჩნევიან. დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირაკლი კობახიძის ულტრალიბერალური გუნდი დააწინაუროს და დროთა განმავლობაში,  მათ ჩაუგდოს ხელში ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, უპირველესად, პრემიერის პოსტი და ძალოვანი უწყებები. ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაგიმხელთ, რომლის შესახებაც „ქართულ ოცნებაში“ ლაპარაკობენ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან, მაგრამ ირაკლი კობახიძეს, ივანიშვილის გვერდის ავლით, უკვე ჰქონდა კონტაქტი ამერიკის ვიცე–პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და სახელმწიფო მდივან ტონი ბლინკენთან. ახლო მომავალში, იგეგმება ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ისინი შეხვდებიან კამალა ჰარისს. ცხადია, ეს შეხვედრა ემსახურება ამერიკის გეგმების საქართველოში რეალიზაციას, რაც ხელისუფლების გაკონტროლების შემდეგ, ულტრალიბერალებმა უნდა განახორციელონ. ბიძინა ივანიშვილი ამერიკისა და დასავლეთის თითქმის ყველა ახირებას უსიტყვოდ ასრულებდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ყველა ის ანტიქართული კანონი, რომელიც დასავლეთიდან შეუკვეთეს. თუმცა, მთავარი არ გააკეთა – დაბლოკა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს პორტი, რეალურად,  ამერიკის სამხედრო ბაზა უნდა ყოფილიყო საქართველოში. ცხადია, ივანიშვილმა პროექტი რუსეთის გავლენით დაბლოკა. ამერიკის სტრატეგიული ამოცანაა,  დაიბრუნოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის  პერიოდში დაკარგული  საგარეო გავლენა და მათ შორის,  სამხრეთ კავკასიაშიც. ამის აუცილებელ პირობად, ბაიდენის ადმინისტრაციაში ანაკლიის პორტის მშენებლობა მიაჩნიათ. ამ პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ  ბარაკ ობამას  ადმინისტრაციის დროს დაიგეგმა, იგივე სურვილი ჰქონდა ტრამპსაც, მაგრამ ფაქტია, პროექტი დაიბლოკა. მოკლედ, ანაკლიის პორტი აშენდება და ეს პორტი საქართველოში, რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების საბაბად იქცევა.

ამერიკა არ ჩქარობს კობახიძის გუნდის დაწინაურებას. წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ამერიკა და ევროპა ყველაფერს გააკეთებენ, რომ  საკრებულოებში, „ქართული ოცნების“ კვოტით, კობახიძის თანაგუნდელები უფრო მეტნი მოხვდნენ, ვიდრე კახი კალაძისა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, გაწიროს ძველი თანაგუნდელები, რადგან მისთვის სრული უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ამერიკას და ევროპას შეუძლიათ. რუსეთი ამგვარ გარანტიებს ვერ მისცემს. შესაძლოა, კახი კალაძე ხელმეორედ გახდეს თბილისის მერი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რეგიონების საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლი, სრულად კობახიძის გუნდის ხელში იქნება და „კონსერვატორები“ თუ ძველი მეოცნებენი, მისკენ გადაიხრებიან – საითაც ძალას და სათავისო პერპექტივას დაინახავენ, იქით  წავლენ. კობახიძესთან საქმის დალაგებას უკვე ცდილობენ „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, რომლების მისი ლანძღვა–გინების მეტს არაფერს აკეთებდნენ ბოლო ხანებში და ივანიშვილის მტრად მიაჩნდათ.  ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომით, შეიცვლება მთავრობა და პრემიერისა და ძალოვანი მინისტრების პოსტებს კობახიძის გუნდი ჩაიგდებს ხელში. პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება. ამას დაამატეთ ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე არის მისი თანაგუნდელი არჩილ თალაკვაძე. ფაქტობრივად, სრულად გააკონტროლებენ ხელისუფლებას და ამ პროცესს ივანიშვილი ხელს არ შეუშლის. ერთის მხრივ, ამერიკა მისცემს მას პირადი  უსაფრთხოებისა და ქონების ხელშეუხებლობის გარანტიას, მეორეს მხრივ, ივანიშვილს  „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერზე აქვს კომპრომატები. სუს–ი წლების განმავლობაში მუშაობდა ამაზე. კომპრომატები აქვს კობახიძეზე, მისი გუნდის ყველა წევრზე და ესეც მისი უსაფრთხოების გარანტიაა. სწორედ ეს კომპრომატებია მიზეზი, რომ „ქართული ოცნებიდან“ უამრავი პოლიტიკოსი წავიდა, ზოგი ივანიშვილმა გაუშვა და მასზე კრიტიკულად ლაპარაკს ერიდებიან. წლები გავიდა და ივანიშვილის შესახებ, რაც იციან, არ ამბობენ, კრინტს არ ძრავენ მისი შავ–ბნელი საქმიანობის შესახებ, რომლის მომსწრე და თვითმხილველნიც თავად არიან. მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი დაუპირისპირდა ღიად ივანიშვილს,  მაგრამ მისი, მისი გარემოცვის წევრების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ვერ ლაპარაკობენ, ფაქტებს არ სდებენ, არადა, მათ ძალიან ბევრი იციან“ – განუცხადა „ალიას“წყარომ.

ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ამერიკა აიძულებს თუ არა ივანიშვილს, დანიშნოს ახალი არჩევნები? რას უპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ ულტრალიბერალურ ფრთაზე ბევრად  ლიბერალ ოპოზიციურ პარტიებს –„ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“? როდემდე იგუებს დასავლეთი „ქართულ ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტს“? ამის შესახებ, „ალიას“ წყარო აცხადებს, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკა, არ მოახდენენ ვადამდელი არჩევნების ინსპირირებას. თუმცა, თუ ხალხი გამოვიდა, ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური პროცესები, მაშინ ჩაერევა საქმეში და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება:

„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ბევრი დავალება შეასრულა და არაერთხელ „გადააგდო“ ამერიკა, იგივე, ანაკლიის პროექტი დაბლოკა, დისკრედიტირებული მოსამართლეები დანიშნა უვადოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია დაუკარგა, გააყალბა არჩევნები და ისე დარჩა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“,  ქართულ პოლიტიკურ ველზე ისეთი ვითარება შეიქმნა, ამერიკა ამას ვერც კი ინატრებდა. ივანიშვილმა პარტია ჩააბარა პროამერიკელ ირაკლი კობახიძეს. თუ ამერიკელთა გეგმა განხორციელდება და კობახიძის  გუნდი ხელში აიღებს სრულ  ძალაუფლებას, მაშინ ხელისუფლებაშიც პროამერიკული ძალა იქნება და ოპოზიციაშიც. წაიმტვრევს კისერს კობახიძე, დაკარგავს ხელისუფლებას? მაშინ მას ისევ პროამერიკელი „ნაცები“, „ევრონაცები“ და სხვები შეცვლიან, ანდა კოალიციური ხელისუფლება იქნება – კობახიძის გუნდი და პარლამენტში რომ არ შედიან,  ის ოპოზიცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება პროამერიკული იქნება და ამერიკასაც ეს უნდა. ამ დალაგებული სიტუაციის შეცვლა ამერიკას არ  აწყობს. ამერიკიდან იქნება მწვავე განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე, დაგმობენ ერთპარტიულ პარლამენტს, მაგრამ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ მოითხოვენ. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას კობახიძის გუნდიდან მეტი ხალხი შეიყვანოს „ქართული ოცნების“ სიაში, ასევე, აიძულებენ, საკრებულოებში შეიყვანოს პროამერიკული პარტიების წარმომადგენლები. მოკლედ, საკრებულოებში უმრავლესობა ექნებათ პროამერიკულ ძალებს. „ქართული ოცნების“ კობახიძისა ფრთა  და „ნაცები“, „ევრონაცები“ და სხვა ამერიკის მართული ძალები, ერთად შეუტევენ  კალაძის ფრთას.  ამას გნებავთ კოაბიტაციის მეორე ეტაპი დაარქვით, გნებავთ, „ქართული ოცნების“ საბოლოო განაციონალება. ცხადია, საბოლოოდ, ეს „ქართულ ოცნებას“ დაშლამდე მიიყვანს და მას გამოეყოფიან „კონსერვატორები“, ძველი გვარდია და ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებიან. შექმნიან ახალ პარტიას და ეს პარტია უკვე აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. ეს აუცილებლად მოხდება, ადრე თუ გვიან“ – უთხრა „ალიას“ წყარომ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელთა ამ გეგმას ბიძინა ივანიშვილმა მაინც გაუწია წინააღმდეგობა და  გრძელვადიან პერსპექტივაში მოინდომა ხელისუფლების არაფორმალურად მართვა? თუ არ დაუთმო მართვის სადავეები ირაკლი კობახიძის გუნდს?

„ბიძინა ივანიშვილი თუ წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკელებს და ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი მოახერხებს და აიძულებს, მაშინ ამერიკაც, ევროპაც მკაცრს პოზიციას დაიკავებენ მის მიმართ. არჩევნების გაყალბების მოტივით, შესაძლოა, ააგორონ რევოლუცია საქართველოში, ხელისუფლებაში „ნაცები“ და მათი დანაყოფები მოიყვანონ, ირაკლი კობახიძის გუნდი ოპოზიციაში დარჩება, ივანიშვილს კი ახალი ხელისუფლება ბევრ პრობლემებს შეუქმნის. ამოყრიან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, აღუძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს, მისი ნათესავების, ძმების,  გარემოცვის წევრების წინააღდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები – უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე, ალექსანდრე ჭიკაიძე, გიორგი მღებრიშვილი, მაია ცქიტიშვილი…  ყველას შეუქმნიან პრობლემებს, ვინც მსხვილ ბიზნესებს აკონტროლებს საქართველოში. აქ მოიაზრება კალაძის გარამოცვაც, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო, ენერგორესურსების, საბანკო სექტორს… მართალია, ივანიშვილმა საკუთარი ქონება საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა, მაგრამ ამით თავს ვერ დაიძვრენს. ვიდრე იმ 5 მილიარდს გადასცემდა ფონდს, მანამდე მისი ფინანსური საქმიანობა სუფთა იყო? კითხვის ნიშნებს არ აჩენდა? ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოში მისი  საქმიანობის შესახებ მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს და ეს მედიითაც გავრცელებულა? თუნდაც, იმ ტენდერების შესახებ, რომელთაც მისი კომპანიები იგებდნენ, თუნდაც, მისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მილიონობით ქონება? თუ დაუმტკიცეს, რომ მან 5 მილიარდი, ფული და უძრავი ქონება „ქართუს“ იმიტომ გადასცა, რომ ფინანსური მაქინაციების, სხვა კანონდარღვევების ფაქტები დაემალა, მაშინ მის ქონებას საფრთხე დაემუქრება. არ არის გამორიცხული, საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები დაუყადაღონ. საქველმოქმედო ფონდებს ფულისა და ქონების დასამალად, ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში იყენებდნენ.  ამავე ხერხს მიმართავდა „კოზა ნოსტრა“ ამერიკაში. პაბლო ესკობარის 50–ზე მეტი საქველმოქმედო ფონდი ჰქონდა და მათგან 4–5 ფონდი ეწეოდა ქველმოქმედებას, დანარჩენი ფულის გასათეთრებლად და ქონების დასამალად სჭირდებოდა, ამ ფონდების სახელზე ჰქონდა გადაფორმებული მთელი ქონება.  თუმცა, საბოლოოდ ყველა ფონდის ანგარიში დაუყადაღეს და კრიმინალური გზით ნაშოვნი ქონება ჩამოართვეს. ივანიშვილის საქმიანობაშიც იკვეთება კრიმინალური ფაქტები და თუ ძალიან გაჯიქდა, გამოძიება „ქართუს“ მიდგება. არც ივანიშვილის ოფშორული ანგარიშების გამოძიება წარმოადგენს პრობლემას ამერიკელებისთვის. შესაძლოა, საციხედ არ გაუხდეს საქმე, მაგრამ ბევრი უსიამოვნება შეხვდება და სავარაუდოდ, სოლიდურ თანხას დაკარგავს. რეპუტაციის შელახვა კიდევ ცალკე უზარმაზარი ზარალია. ამ ყველაფერს აირიდებს ივანიშვილი, თუ ეტაპობრივად, ირაკლი კობახიძის გუნდს მოაძლიერებს და მას გადასცემს ხელისუფლებას. კობახიძე კი დაიცავს მის სრულ უსაფრთხოებას. ივანიშვილი ამ გზით მიდის, მან სწორედ კობახიძე დატოვა მემკვიდრედ. თუმცა, ერთი რამ მაინც გარდაუვალია. ივანიშვილს არ შეეხებიან, მის ძმებს და ნათესავებს არ შეეხებიან, მაგრამ მისი გარემოცვიდან ბევრს მოუწევს დათმოს მსხვილი ბიზნესები. ირაკლი კობახიძე არ არის იმის ჩიტი, ბიზნესები ფარცხალაძეებსა და კალაძეებს დაუტოვოს. ბიზნესის გადანაწილების მომსწრენი აუცილებლად გავხდებით და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს სისხლიანი პროცესი, კრიმინალური გარჩევებით, მკვლელობებით, თავისი დაჭერებითა და პატიმრობებით. ასეა, ვინც ძალაუფლებას ფლობს, მსხვილ ბიზნესსაც ის აკონტროლებს. დაბოლოს, იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ეპოტინება საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებას, ეს გამორიცხულია. სააკაშვილი ამერიკაშიც და ევროპაშიც ჩამოწერილია, მას სერიოზულად აღარ განიხილავენ და არ ჯდება მათ სამომავლო გეგმებში“– აცხადებს „ალიას“ წყარო.

ლევან ჯავახიშვილი, ალია