“მისი ტელეფონი ახლაც ჩართული მაქვს და როცა დარეკავს, მიხარია, რომ ცოცხალი ჰგონიათ…”

კობა დავითაშვილის  ცხოვრებამ, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პრინციპების ერთგულებამ და ადამიანურობამ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი გულშემატკივარი შესძინა და ადრეულ ასაკში წასვლით გული ყველას ძალიან ატკინა.

კობა დავითაშვილის ცხოვრების ბოლო პერიოდის შესახებ მისმა მეუღლემ ინგა ბიწაძემ „თბილისელებთან“ისაუბრა.

“სასწრაფოთი რომ წავიყვანეთ, მაშინ ვესაუბრე ბოლოს. ძალიან ცხელოდა სასწრაფოს მანქანაში და ვეღარ გავჩერდი შიგნით. ისეთი ტემპერატურა იყო, ვგრძნობდი გული წამივიდოდა. გადმოვედი, მას სციოდა და კარის დახურვა მთხოვა. დავხურე. მას შემდეგ აღარ მინახავს. მისი ტელეფონი ახლაც ჩართული მაქვს და ათასში ერთხელ დარეკავს ხოლმე, მიხარია, რომ ცოცხალი ჰგონიათ, ზოგჯერ მესიჯი მოდის, „ფეისბუქშიც“ მეხმიანებიან და ძალიან მიხარია.

ბოლო ოთხი თვე ძალიან ტკბილი იყო შვილების მიმართ, ყველას სიყვარულს უხსნიდა. თორნიკე განიცდიდა ძალიან: რა არ გავაკეთე, რომ მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ვერაფრით მივიღე საქებარი სიტყვები, ძლივს მითხრა, მიყვარხარო და ახლა აღარ არისო. ბოლო ერთი თვე ყველა ერთად ვუვლიდით და ბავშვებმა ისე განიცადეს მისი წასვლა, რომ ვერ აღგიწერთ. მე სირაქლემასავათ ვარ, არ მინდა ამაზე ვიფიქრო და დავიჯერო, რომ ჩვენგან წავიდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ სასწრაფო იყო მოსული აქ და იკითხა, ეს ის სახლია კობა დავითაშვილი რომ ცხოვრობდაო? პირველად მაშინ გავაცნობიერე, რაც მოხდა და საშინლად მომხვდა გულზე. ცხოვრობდა რას ნიშნავს-მეთქი. თავს ვიმშვიდებ, რომ ეს ისევ მისი სახლია და ისევ ცხოვრობს. თითქოს არ მინდა, იმის გაცნობიერება, რაც მოხდა. ალბათ, ეს თავდაცვის მექანიზმია“,- ამბობს „თბილისელებთან“ კობა დავითაშვილის მეუღლე.

 

“რეზონანსი”