რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21 იანვარს სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე “დავოსის დღის წესრიგი – 2021”. გთავაზობთ ამ გამოსვლის მცირედ შემოკლებულ ტექსტს.
კლაუს შვაბი, გერმანელი ეკონომისტი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი:
– ბატონო პრეზიდენტო! რუსეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
მოცემულ ისტორიულ მომენტში მსოფლიოს წინაშე ახალი შესაძლებლობები ჩნდება კონფრონტაციის ეპოქიდან თანამშრომლობის ეპოქაზე გადასასვლელად.
მოსმენილი იქნას თქვენი ხმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ხმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული თვალსაზრისები. ასეთ დროს საჭიროა კონსტრუქციული, გულახდილი დიალოგი საერთო პრობლემების მოსაგვარებლად, რათა გამოვიდეთ პოლარიზაციისა და იზოლაციის ეპოქიდან.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ინტერესით მოვისმენთ თქვენს თვალსაზრისს, რუსეთის თვალსაზრისს ამჟამინდელ ვითარებაზე, 21-ე საუკუნეში შექმნილ ვითარებაზე. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ყველგან მშვიდობისა და აყვავების პირობებში იცხოვრონ?
ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო ელოდება თქვენს გამოსვლას.
ვლადიმირ პუტინი: ამჟამინდელი ფორუმი პირველია 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში, და ამ ფორუმზე თემების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ეძღვნება სიღრმისეულ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს პლანეტაზე…
ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების უწინდელი მოდელებისა და ინსტრუმენტების კრიზისს. სოციალური დაყოფის გაძლიერებას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე გლობალურ დონეზე. ამის შესახებ ჩვენ (ე.ი. რუსეთი; რედ.) ადრეც ვლაპარაკობდით. თავის მხრივ, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი თვალსაზრისების მკვეთრ პოლარიზაციას, პოპულიზმისა და მემარჯვენე თუ მემარცხენე რადიკალიზმის, სხვა უკიდურესობების მატებასა და შიგა პოლიტიკური პროცესების გამწვავებას იწვევს, მათ შორის წამყვან ქვეყნებში. ეს ყველაფერი გარდაუვლად აისახება საერთაშორისო ურთიერთობებზე, არ სძენს მათ სტაბილურობას. საერთაშორისო ინსტიტუტები სუსტდება, მრავლდება რეგიონული კონფლიქტები, გლობალური უსაფრთხოების სისტემა დეგრადირდება.
…კლაუსმა ახლახან ახსენა ჩემი გუშინდელი საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების გაგრძელების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობები მატულობს. როგორც ცნობილია, 20-ე საუკუნეში მსგავსი პრობლემების არსებითი გადაწყვეტისადმი გამოჩენილი უუნარობა და მოუმზადებლობა მეორე მსოფლიო ომის კატასტროფით დასრულდა. ვიმედოვნებ, ამჟამად ასეთი გლობალური “ცხელი” კონფლიქტი, პრინციპში, შეუძლებელია. ამის დიდი იმედი მაქვს. ეს ცივილიზაციის დასასრული იქნება. მაგრამ, ვიმეორებ, ვითარება შეიძლება, უმართავი შეიქნეს. თუკი, რა თქმა უნდა, არაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. არის ალბათობა, შევეჯახოთ ჩავარდნას მსოფლიოს განვითარებაში, რასაც მოჰყვება ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ, წინააღმდეგობების გადაჭრის მცდელობები “შიგა” და “გარე” მტრების ძებნით, და ნგრევა არა მხოლოდ ისეთი ტრადიციული ფასეულობებისა (ჩვენ რუსეთში ამას ძალიან ვუფრთხილდებით), როგორიც არის ოჯახი, არამედ საბაზისო თავისუფლებების, მათ შორის არჩევანის უფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის.
აქ აღვნიშნავ, რომ სოციალურმა და ფასეულობებითმა კრიზისმა უკვე გამოიღო უარყოფითი დემოგრაფიული შედეგები, რომელთა გამოც კაცობრიობამ შეიძლება დაკარგოს მთელი ცივილიზაციური და კულტურული მატერიკები.
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ პირქუში ანტიუტოპიის მსგავსი პერსპექტივა და უზრუნველვყოთ განვითარების პოზიტიური, ჰარმონიული და აღმშენებლობის ტრაექტორიით სვლა.
დაწვრილებით შევჩერდები იმ საკვანძო გამოწვევებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, დგას მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
“გლობალური არამდგრადობის ფუნდამენტური მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაგროვებაა”
მათგან პირველია სოციალურ–ეკონომიკური.
თუ სტატისტიკური მონაცემებით ვიმსჯელებთ, 2008 და 2020 წლების კრიზისების მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკის ბოლო ორმოცწლიან პერიოდს შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული ან ზეწარმატებულიც კი. 1980 წლის მერე გლობალური მშპ გაორმაგდა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის რეალური გამოხატულებით მოსახლეობის ერთ სულზე. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი მაჩვენებელია.
გლობალიზაციამ და შიგა მაჩვენებლების მატებამ განვითარებად ქვეყნებში მძლავრი აღმავლობა გამოიწვია, მილიარდზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს. თუ ადამიანის შემოსავლის დონედ ავიღებთ 5,5 დოლარს დღეში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტით), მაშინ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მაგალითად, ჩინეთში, ამაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების რაოდენობა 1990 წლიდან დღემდე 1,1 მლრდ-დან 300 მლნ-მდე შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩინეთის წარმატებაა. რუსეთში ასეთი 1999 წელს 64 მლნ ადამიანი იყო, მათი რიცხვი სადღეისოდ 5 მილიონამდე შემცირდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის წინსვლაა მთავარი მიმართულებით.
თუმცა მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხიც იძლევა ამჟამინდელი პრობლემების გაცნობიერების საშუალებას _ როგორი იყო ამ გლობალური ზრდის ხასიათი, ვინ მიიღო ამისგან ძირითადი სარგებელი? როგორც უკვე ვთქვი, ძირითადად, მოიგეს განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს მოთხოვნით თავიანთ ტრადიციულ და ახალ საქონელზეც კი. მაგრამ გლობალურ ეკონომიკაში ასეთმა ჩართვამ მოიტანა არა მხოლოდ სამუშაო ადგილები და საექსპორტო შემოსავლები, არამედ სოციალური გადახრებიც, მათ შორის, არსებითად გაიზარდა განსხვავებაც მოქალაქეთა შემოსავლებს შორის.
და როგორ მიდის საქმე განვითარებულ ეკონომიკებში, სადაც კეთილდღეობის საშუალო დონე გაცილებით მაღალია? როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საზოგადოების ფენებად დაყოფა განვითარებულ ქვეყნებში კიდევ უფრო ღრმად წავიდა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ, მაგალითად, 2000 წელს აშშ-ში 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანი 3,6 მლნ იყო, 2016 წელს ასეთი ადამიანების რიცხვმა უკვე 5,6 მლნ-ს მიაღწია. ამავე პერიოდში გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა მსხვილი ტრანსნაციონალური, უწინარესად, ამერიკული და ევროპული კომპანიების მოგება.
სხვათა შორის, მოქალაქეების მიხედვით, ევროპის განვითარებულ ეკონომიკებშიც ისეთივე ტენდენციებია, როგორიც აშშ-ში.
მაგრამ, თუ კვლავაც ვილაპარაკებთ კომპანიების მოგებაზე, ვის ერგო შემოსავალები? პასუხი ცნობილია, ის აშკარაა _ მოსახლეობის ერთ პროცენტს. და რა მოხდა დანარჩენი ადამიანების ცხოვრებაში? ბოლო 30 წლის განმავლობაში ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოქალაქეების ნახევარზე მეტის შემოსავლებმა სტაგნაცია განიცადა, არ მომატებულა. აი განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ფასებმა კი მოიმატა და, იცით, რამდენჯერ? _ სამჯერ.
ე.ი., მილიონობით ადამიანი მდიდარ ქვეყნებშიც კი შემოსავლების ზრდის პერსპექტივას ვეღარ ხედავს. ამასთანავე, მათ წინაშე დადგა პრობლემები, როგორ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა თვითონ და შეუნარჩუნონ მშობლებსაც, როგორ უზრუნველყონ შვილებისთვის ხარისხიანი განათლება.
ჩნდება კიდევ უზარმაზარი მასა ადამიანებისა, რომლებიც არავის არ სჭირდება. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2019 წელს მსოფლიოში ახალგაზრდების 21 პროცენტი, ანუ 267 მლნ. არსად არ მუშაობდა და არსად არ სწავლობდა. მომუშავეთა შორისაც კი (აი საინტერესო ციფრები) 30 პროცენტი დღეში 3,2 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს.
გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ასეთი გადახრები არის პირდაპირი შედეგი გასული საუკუნის 80-იანი წლების პოლიტიკისა, რომელსაც ხშირად ვულგარულად და დოგმატურად ატარებდნენ. ამ პოლიტიკას საფუძვლად ედო ეგრეთ წოდებული ვაშინტონის კონსენსუსი მისი დაუწერელი წესებით, როცა პრიორიტეტი ენიჭებოდა ეკონომიკის ზრდას კერძო ვალის ბაზაზე, მდიდრებისა და კორპორაციებისთვის დაბალი გადასახადების დადგენას და მათი საქმიანობის რეგულაციის მოშლას.
კორონავირუსის პანდემიამ ეს პრობლემები უფრო გაამწვავა. შარშან გლობალური ეკონომიკის ვარდნა მაქსიმალური იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ივლისში შრომის ბაზრის დანაკარგები გაუტოლდა 500 მილიონ სამუშაო ადგილს. წლის ბოლოს მათი ნახევრის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ 250 მლნ სამუშაო ადგილი ხომ დაიკარგა? ეს საგანგაშო რაოდენობაა. გასული წლის პირველ 9 თვეში მსოფლიოში შრომითი შემოსავლების დანაკარგმა 3,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. და ეს მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება სოციალური დაძაბულობაც.
ამასთანავე, პოსტკრიზისული აღდგენა რთულად მიმდინარეობს. თუ 20-30 წლის წინათ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა მასტიმულირებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკით (სხვათა შორის, აქამდე მუდმივად ასე აკეთებენ), დღეს ასეთმა მექანიზმებმა თავისი ამოწურა, ისინი აღარ მუშაობენ. ეს ჩემი ცარიელი სიტყვები არ არის.
მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სახელმწიფო და კერძო სექტორების ერთობლივი ვალის დონე ძალიან მიუახლოვდა გლობალური მშპ–ს 200-პროცენტიან ნიშნულს. ცალკეულ ეკონომიკებში კი მან ეროვნული მშპ–ს 300 პროცენტსაც გადააჭარბა. ამასთანავე, განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულოვან ნიშნულზეა, ხოლო საკვანძო განვითარებად ქვეყნებში _ ისტორიულ მინიმუმზე. ეს ყველაფერი ეკონომიკის სტიმულირებას კერძო ვალის ზრდის ტრადიციული ინსტრუმენტებით თითქმის შეუძლებელს ხდის. ე.წ. რაოდენობრივი შემსუბუქება, რომელიც მხოლოდ ბერავს ფინანსური აქტივების “ბუშტს”, კვლავ აღრმავებს საზოგადოების ფენებად დაყოფას, ხოლო “რეალურ” და “ვირტუალურ” ეკონომიკებს შორის სულ უფრო მზარდი დაშორიშორება (სხვათა შორის, ამის შესახებ ხშირად მეუბნებიან ეკონომიკის რეალური სექტორის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და, ვფიქრობ, ამაში დღევანდელი შეხვედრის მონაწილენიც დამეთანხმებიან) რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და სერიოზულ და ძნელად განსაჭვრეტ რყევებამდე მიგვიყვანს.
გარკვეული იმედი, რომ შევძლებთ ზრდის უწინდელი მოდელის “გადატვირთვას”, დაკავშირებულია სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებასთან. მართლაც, ბოლო 20 წელმა საფუძველი ჩაუყარა ე.წ. მეოთხე სამრეწველო რევოლუციას, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის საყოველთაო გამოყენებაზე, ავტომატიზებულ და რობოტიზებულ გადაწყვეტილებებზე.
კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ასეთი ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა, მაგრამ ეს პროცესი აჩენს ახალ სტრუქტურულ ცვლილებებსაც, უწინარესად, შრომის ბაზარზე. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეფექტიანი მოქმედებების გარეშე ბევრი ადამიანი შეიძლება სამუშაოს გარეშე დარჩეს. თანაც, ისინი უმეტესად იქნებიან წარმომადგენლები ე.წ. საშუალო კლასისა, რომელიც ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების საფუძველია.
აქედან გამომდინარე, ვისაუბრებ მიმდინარე ათწლეულის მეორე ფუნდამენტურ გამოწვევაზე _ საზოგადოებრივ–პოლიტიკურზე.
ეკონომიკური პრობლემებისა და უთანასწორობის ზრდა ხლეჩს საზოგადოებას, აჩენს სოციალურ, რასობრივ, ეროვნულ შეუწყნარებლობას. ასეთი დაძაბულობა საგრძნობია ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც თითქოს მდგრადია სამოქალაქო და დემოკრატიული ინსტიტუტები, მოწოდებულნი, შეარბილონ, ჩააქრონ მსგავსი გამოვლინებები და ექსცესები. სისტემური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აჩენენ ისეთ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს პრობლემები არსობრივად უნდა გადაწყდეს. სახიფათოა ილუზია, რომ შეიძლება მათი იგნორირება, წაყრუება, მიჩუმათება. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება მაინც იქნება დაყოფილი პოლიტიკურად და სოციალურად. ადამიანებისთვის მიზეზები იმისა, რომ იყვნენ უკმაყოფილონი, მდგომარეობს არა რაღაც მაღალ მატერიებში, არამედ რეალურ პრობლემებში, რომლებიც ეხება თითოეულს, როგორი თვალსაზრისის, მათ შორის პოლიტიკურის, მხარდამჭერი და მიმდევარიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. აი, რეალური პრობლემები უკმაყოფილებას წარმოშობს.
გამოვყოფ კიდევ ერთ პრინციპულ მომენტს. საზოგადოების ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე ტექნოლოგიური და, უწინარესად, ციფრული გიგანტები. ამაზე ახლა ბევრს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რომლებიც შტატებში წინასაარჩევნო კამპანიისას განვითარდა. ისინი უკვე რაღაც ეკონომიკური გიგანტები კი აღარ არიან, ცალკეული მიმართულებებით დე ფაქტო უწევენ კონკურენციას სახელმწიფოებს. მათი აუდიტორია მილიარდობით მომხმარებელს ითვლის, რომლებიც ამ ეკოსისტემის ჩარჩოებში თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. თვითონ კომპანიების თვალსაზრისით, მათი მონოპოლიური მდგომარეობა ოპტიმალურია ტექნოლოგიური და ბიზნესპროცესების ორგანიზებისთვის. ეს, შეიძლება, ასეც არის, მაგრამ საზოგადოებას უჩნდება კითხვა: შეესაბამება კი ასეთი მონოპოლიზმი საზოგადოებრივ ინტერესებს? სად არის ზღვარი წარმატებულ გლობალურ ბიზნესს, მოთხოვნად სერვისებს, დიდი მონაცემების კონსოლიდაციასა და იმას შორის, რომ საზოგადოება უხეშად, საკუთარი შეხედულებების მიხედვით მართო, ჩაანაცვლო ლეგიტიმური, დემოკრატიული ინსტიტუტები, შეზღუდო ადამიანის ჭეშმარიტი უფლებები ან მოახდინო მათი უზურპაცია? ან იმას შორის, რომ ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს, რა აირჩიოს, როგორი პოზიცია გამოხატოს თავისუფლად? ეს ყველაფერი ჩვენ ახლახან ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, და ყველას ესმის, რასაც ახლა ვლაპარაკობ. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა იზიარებს ამ პოზიციას, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად მონაწილეობს ღონისძიებაში.
ბოლოს, მესამე გამოწვევა, უფრო ზუსტად, აშკარა საფრთხე, რომელსაც ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ ამ ათწლეულში _ ეს არის საერთაშორისო პრობლემების მთელი კომპლექსის გამწვავება.
მოუგვარებელმა და მზარდმა შიგა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა ხომ შეიძლება გიბიძგოს, ეძებო ის, ვისაც შეიძლება გადააბრალო ყველაფერი, დაადანაშაულო ყველა უბედურებაში და მისკენ მიმართო საკუთარი მოქალაქეების გაღიზიანება და უკმაყოფილება. და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ მატულობს საგარეო პოლიტიკური, პროპაგანდისტული რიტორიკის გრადუსი. შეიძლება ველოდოთ, რომ უფრო აგრესიული იქნება პრაქტიკული მოქმედებების ხასიათი, მათ შორის წნეხი იმ ქვეყნებზე, რომლებსაც არ სურთ დამჯერი, მორჩილი სატელიტების როლში ყოფნა, სავაჭრო ბარიერების გამოყენება, არალეგიტიმური სანქციები, ფინანსური, ტექნოლოგიური, საინფორმაციო სფეროების შეზღუდვა. მსგავსი თამაში, წესების გარეშე, კრიტიკულად ამაღლებს სამხედრო ძალის ცალმხრივად გამოყენების რისკს _ აი, რა არის სახიფათო, ძალის გამოყენება ამა თუ იმ გამოგონილი საბაბით. ეს პლანეტაზე ახალი ცხელი წერტილების გაჩენის შესაძლებლობას ზრდის. ეს არ შეიძლება, ჩვენ არ გვაწუხებდეს. ამასთანავე, პატივცემულო ფორუმის მონაწილენო, ასეთი წინააღმდეგობებისა და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ პოზიტიური ხედვა მომავალზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღმშენებლობითი დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.
გულუბრყვილობა იქნებოდა ამ პრობლემების მოგვარების რაღაც უნივერსალური სასწაულმოქმედი რეცეპტის შემოთავაზება. მაგრამ საერთო მიდგომების შემუშავება, პოზიციების მაქსიმალურად დაახლოება, გლობალური დაძაბულობის წარმომშობი წყაროების გამოვლენა, ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს თეზისს:
“გლობალური არამდგრადობის ფუნდამენტური მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაგროვებაა”
გლობალური განვითარების არამდგრადობის ფუნდამენტური მიზეზი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების დაგროვებაა.
ამიტომ დღეს საკვანძო საკითხია, როგორ ავაწყოთ მოქმედებების ლოგიკა, რათა არა მხოლოდ სწრაფად აღვადგინოთ გლობალური და ეროვნული ეკონომიკები, არამედ მივაღწიოთ იმას, რომ ეს აღდგენა იყოს მდგრადი შორეულ პერსპექტივაშიც და ჰქონდეს ხარისხიანი სტრუქტურა, გვეხმარებოდეს სოციალური დისბალანსის ტვირთის დაძლევაში.
უკვე ნახსენები შეზღუდვების გათვალისწინებით, ეკონომიკის მომავალი განვითარება დიდწილად დაფუძნებული იქნება საბიუჯეტო სტიმულებზე, საკვანძო როლს კი შეასრულებენ სახელმწიფო ბიუჯეტები და ცენტრალური ბანკები.
ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე ვხედავთ ასეთ ტენდენციებს განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებადი ქვეყნების ნაწილშიც.
სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ეროვნულ დონეზე სახელმწიფოს როლის ამაღლება მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, მჭიდრო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთქმედებას გლობალური დღის წესრიგის მიმართაც.
სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე გამუდმებით ისმის მოწოდება ინკლუზიური ზრდისკენ, თითოეული ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ. ეს ყველაფფერი სწორია, ჩვენი ასეთი ერთობლივი მუშაობა აბსოლუტურად საჭირო მიმართულებაში განიხილება.
აბსოლუტურად ცხადია, რომ მსოფლიო ვერ წავა ისეთი ეკონომიკის შექმნის გზით, რომელიც იმუშავებს მხოლოდ მილიონი ადამიანისთვის, ვერც თუნდაც “ოქროს მილიარდისთვის”. ეს, უბრალოდ, დესტრუქციული პოზიციაა. ასეთი მოდელი არსებითად არამდგრადია. ცოტა ხნის წინანდელმა მოვლენებმა, მათ შორის, მიგრაციულმა კრიზისმა, ეს კვლავ დაადასტურა.
ახლა საჭიროა საერთო კონსტანტაციიდან საქმეზე გადავიდეთ, რეალური ძალისხმევა და რესურსები მივმართოთ იმაზე, რომ, ერთის მხრივ, აღმოვფხვრათ სოციალური უთანასწორობა ცალკეული ქვეყნების შიგნით, და აგრეთვე მივაღწიოთ პლანეტის სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების თანდათანობით დაახლოებას. მაშინ მიგრაციული კრიზისებიც აღარ იქნება.
მდგრად და ჰარმონიულ განვითარებაზე მიმართული პოლიტიკის აზრი, აქცენტები აშკარაა. რა არის ეს? ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნა თითოეულისთვის, ადამიანის პოტენციალის რეალიზაციისთვის პირობების უზრუნველყოფა იმისგან დამოუკიდებლად, სად დაიბადა და ცხოვრობს ის.
და აქ გამოვყოფ ოთხ საკვანძო პრიორიტეტს.
პირველი. ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების კომფორტული გარემო. ეს არის საცხოვრისი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა: სატრანსპორტო, ენერგეტიკული, კომუნალური. და, რა თქმა უნდა, კეთილმყოფელი ეკოლოგია.
მეორე. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას ექნება სამუშაო, რომელიც მისცემს მუდმივად მზარდ ხელფასს და, შესაბამისად, ცხოვრების ღირსეულ დონეს. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელი უნდა მიუწვდებოდეს სწავლის ქმედით მექანიზმებზე, დღეს ეს აუცილებელია, რათა განვითარდეს და მოიწყოს კარიერა, შემდეგ კი მიიღოს ღირსეული პენსია და სოციალური პაკეტი.
მესამე. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მიიღებს ხარისხიან, ეფექტიან სამედიცინო დახმარებას, როცა ეს დასჭირდება; რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს მას თანამედროვე დონის მომსახურების გარანტიას.
მეოთხე. ოჯახის შემოსავლებისგან დამოუკიდებლად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული განათლების მიღებისა და თავიანთი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, ასეთი პოტენციალი აქვს თითოეულ ბავშვს.
მხოლოდ ასე შეიძლება თანამედროვე ეკონომიკის ყველაზე ეფექტიანად განვითარების გარანტირება. ეკონომიკისა, რომელშიც ადამიანები იქნებიან არა საშუალება, არამედ მიზანი. და მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც პროგრესს მიაღწევენ თუნდაც ზემოაღნიშნული ოთხი მიმართულებით (ეს ჩამონათვალი ამომწურავი არაა, მე მხოლოდ მთავარი დავასახელე), უზრუნველყოფენ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.
ეს მიდგომები უდევს საფუძვლად სტრატეგიას, რომლის რეალიზაციასაც ეწევა ჩემი ქვეყანა, რუსეთი. ჩვენი პრიორიტეტები აგებულია ადამიანის გარშემო, მის ოჯახის, შვილების გარშემო, მიმართულია დემოგრაფიულ განვითარებასა და ხალხის მოფრთხილებაზე, ადამიანების კეთილდღეობის ზრდაზე, მათი ჯანმრთელობის დაცვაზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ პირობები ღირსეული და ეფექტიანი შრომისა და წარმატებული მეწარმეობისთვის, უზრუნველვყოთ ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც ტექნოლოგიური წყობის საფუძველი არა კომპანიების ვიწრო ჯგუფისთვის, არამედ მთელი ქვეყნის მომავლისათვის.
განზრახული გვაქვს, ამ ამოცანებისკენ მივმართოთ სახელმწიფოს, ბიზნესის სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა, ავაგოთ მასტიმულირებელი საბიუჯეტო პოლიტიკა მომდევნო წლებშიც. ჩვენი ეროვნული მიზნების მისაღწევად ჩვენ მზად ვართ ყველაზე ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულნი ვართ, რომ კოოპერაცია გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში დადებით გავლენას იქონიებს საერთო ატმოსფეროზე მსოფლიოს საქმეებში, ხოლო მწვავედ მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტისას ურთიერთდამოკიდებულება გააძლიერებდა ურთიერთნდობას, რაც ამჟამად ასე საჭირო და ასე აქტუალურია.
აშკარაა, რომ ეპოქა, დაკავშირებული მცდელობებთან, აეგოთ ცენტრალიზებული, ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, დასრულდა. ისე, ის არც დაწყებულა, იყო მხოლოდ მცდელობა ამ მიმართულებით, თუმცა ამან უკვე ჩაიარა. ასეთი მონოპოლია თავისი ბუნებით ჩვენი კულტურული, ისტორიულად მრავალსახიანი ცივილიზაციის საწინააღმდეგოა.
რეალობა ასეთია: მსოფლიოში ჩამოყალიბდა განვითარების რამდენიმე ცენტრი თავიანთი თვითმყოფადი მოდელებით, პოლიტიკური სისტემებით, საზოგადოებრივი ინსტიტუტებით და დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ინტერესების შეთავსების მექანიზმები, რათა მრავალფეროვნება, განვითარების პოლუსებს შორის ბუნებრივი კონკურენცია არ გადაიზარდოს ანარქიაში, ხანგრძლივ კონფლიქტებში.
ამისთვის ჩვენ მოგვიწევს ხელი მოვკიდოთ იმ უნივერსალური ინსტიტუტების განვითარებასა და განმტკიცებას, რომლებსაც ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქცევის წესების დადგენაზე გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობაში. უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ამ ინსტიტუტებიდან დღეს ბევრს არ უდგას კარგი დროება. ჩვენ სხვადასხვა სამიტზე გამუდმებით ამაზე ვლაპარაკობთ. ეს ინსტიტუტები სხვა ეპოქაში შეიქმნა, ეს გასაგებია. და დღევანდელ გამოწვევებს რომ უპასუხონ, მათთვის შეიძლება, ობიექტურადაც კი, ძნელია. თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა _ ეს არ არის ამ ინსტიტუტებზე უარის თქმის საბაბი იმ პირობებში, როცა სანაცვლოდ არაფერი არ შეგვიქმნია. ამ სტრუქტურებს აქვთ მუშაობის უნიკალური გამოცდილება და დიდი, მეტწილად არარეალიზებული პოტენციალი და Aამ პოტენციალის გადაგდება ისტორიის სანაგვეზე ნაადრევია. ის უნდა გამოვიყენოთ, დღეს საჭიროა მისი ადაპტაცია თანამედროვე რეალობასთან.
ამასთანავე, რა თქმა უნდა, საჭიროა, გამოვიყენოთ ურთიერთქმედების ახალი, დამატებითი ფორმატები. აქ ვლაპარაკობ ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა მრავალმხრივობა. რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება გავიგოთ სხვადასხვანაირად: ან როგორც საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა, ცალმხრივი მოქმედებებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება, როცა სხვებს მხოლოდ ისღა რჩება, რომ მოწონების ნიშნად თავი დააქნიონ. ან ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოების ძალისხმევის რეალური გაერთიანება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად საერთო სარგებელისთვის.
ამ შემთხვევაში ლაპარაკი შეიძლება იყოს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაზე, ტექნოლოგიური ალიანსების შექმნაზეც და ბევრ სხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული დერეფნების შექმნაზე და ა.შ.
აქ ერთობლივი მუშაობისთვის ფართო ასპარეზია. ასეთი მრავალმხრივი მიდგომა მართლაც მუშაობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მუშაობს. შეგახსენებთ, მაგალითად, “ასტანის ფორმატში” რუსეთი, ირანი და თურქეთი ბევრ რამეს აკეთებენ სირიაში ვითარების სტაბილიზაციისთვის და ამ ქვეყანას ამჟამად ეხმარებიან პოლიტიკური დიალოგის გამართვაში. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთობლივად. და არცთუ წარუმატებლად _ ამას მინდა, ხაზი გავუსვა.
რუსეთმა შეიარაღებული კონფლიქტის შესაჩერებლად აქტიურ საშუამავლო ძალისხმევას მიმართა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. კონფლიქტში ჩართული იყვნენ ჩვენი ახლობელი ხალხები და სახელმწიფოები _ აზერბაიჯანი და სომხეთი. ამასთანავე, ჩვენ ვისწრაფვოდით დაგვეცვა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ მიღწეული საკვანძო შეთანხმებები, კერძოდ, მის თანათავმჯდომარეებს _ რუსეთს, აშშ-სა და საფრანგეთს _ შორის. ესეც კარგი მაგალითია თანამშრომლობისა.
როგორც ცნობილია, ნოემბერში ხელი მოეწერა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხმრივ განცხადებას და მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება თანამიმდევრულად სრულდება. შევძელით სისხლისღვრის შეჩერება. ეს ყველაზე მთავარია. შევძელით სისხლისღვრის შეჩერება, ცეცხლის სრულად შეწყვეტა და სტაბილიზაციის პროცესის დაწყება.
ახლა საერთაშორისო თანამეგობრობისა და იმ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მონაწილეობდნენ კრიზისის განმუხტვაში, დგას ამოცანა დაზარალებული რაიონებისთვის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისა, რომლებიც დაკავშირებულია ლტოლვილების დაბრუნებასთან, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასთან; ისტორიის, რელიგიისა და კულტურის ძეგლების დაცვასა და აღდგენასთან.
სხვა მაგალითი. აღვნიშნავ რუსეთის, საუდის არაბეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების როლს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციაში. ასეთი ფორმატი პროდუქტიულობის მაგალითად იქცა ურთიერთქმედებისთვის იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც გლობალურ პროცესებს აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებენ და სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი პოზიციები აქვთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, რომლებიც ეხება უკლებლივ ყველა სახელმწიფოს. ამის მაგალითია კორონავირუსული ინფექციის შესწავლის სფეროში თანამშრომლობა და ამ ვითარებასთან ბრძოლა. ბოლო პერიოდში, როგორც ცნობილია, გაჩნდა ამ საშიში დაავადების ნაირსახეობა. და მსოფლიო თანამეგობრობა ვალდებულია, შექმნას პირობები მეცნიერების, სპეციალისტების ერთობლივი მუშაობისთვის, რათა გავიგოთ, რატომ და როგორ ხდება, მაგალითად, კორონავირუსის მუტაცია, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა შტამები. საამისოდ, რა თქმა უნდა, საჭიროა სრულიად მსოფლიოს ძალისხიმევის კოორდინაცია, რისკენაც მოგვიწოდებს გაეროს გენერალური მდივანი. საჭიროა მსოფლიოს ძალების გაერთიანება დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ და ამჟამად ასე აუცილებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. უნდა დავეხმაროთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მათ შორის აფრიკის ქვეყნებს. მხედველობაში მაქვს ტესტირების მოცულობის გაზრდა და ვაქცინაციის ჩატარება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მასობრივი ვაქცინაცია, უწინარესად, ხელმისაწვდომია განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მაშინ, როცა პლანეტის მილიონობის ადამიანი მოკლებულია საამისო იმედსაც კი.
ასეთი უთანასწორობა პრაქტიკულად ნიშნავს საერთო საფრთხეს, იმიტომ, რომ, და ეს კარგად არის ცნობილი, ამის შესახებ ბევრჯერ ითქვა, ეპიდემია გაჭიანურდება, იქნება მისი უკონტროლო კერები, მას საზღვრები არ აქვს. ინფექციისა და პანდემიისთვის საზღვრები არ არსებობს, ამიტომ შექმნილი ვითარებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მსოფლიოს შევთავაზოთ ზომები, მიმართული მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი დაავადებების გავრცელება და მსგავსი ვითარების შექმნა.
სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც აუცილებელია ჩვენი მუშაობის კოორდინაცია, არსებითად, მსოფლიო თანამეგობრობის მუშაობის კოორდინაცია, _ ეს არის ჩვენი პლანეტის კლიმატისა და ბუნების შენარჩუნება. აქაც ახალს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთად შევძლებთ პროგრესის მიღწევას ისეთი უსერიოზულესი პრობლემის გადაჭრის საქმეში, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყის ფონდის შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ოკეანეების პლასტმასებით დაბინძურება და ა.შ. ოპტიმალური ბალანსის მოძებნას ეკონომიკური განვითარების ინტერესებსა და მომავალი თაობებისთვის გარემოს შენახვას შორის.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოს ისტორიაში ქვეყნებს შორის მეტოქეობა არასოდეს შეწყვეტილა, არ წყდება და არც არასდროს შეწყდება. და უთანხმოებები, ინტერესთა შეჯახებებიც ბუნებრივია ისეთი რთული ორგანიზმისთვის, როგორიც არის ადამიანური ცივილიზაცია. თუმცა გარდამტეხ მომენტებში ამას ხელი არ შეუშლია, პირიქით, გვიბიძგებდა ძალისხმევა გაგვეერთიანებინა ყველაზე მნიშვნელოვან, მართლაც ეპოქალურ მიმართულებებზე და, ვფიქრობ, ამჟამად სწორედ ასეთი პერიოდია.
ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების გულახდილად შეფასება, ყურადღების კონცენტრაცია არა მოჩვენებით, არამედ რეალურ გლობალურ პრობლემებზე, აღმოფხვრაზე დისბალანსებისა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო თანამეგობრობისთვის. და მაშინ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას და ღირსეულად ვუპასუხოთ 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულის გამოწვევებს.
ამით მინდა, დავასრულო ჩემი გამოსვლა და მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისა და ყურადღებისთვის!
კლაუს შვაბი: _ უღრმესი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო… მე ერთი მოკლე კითხვა მაქვს: რას ფიქრობთ რუსეთსა და ევროპას შორის სამომავლო ურთიერთობაზე?
ვლადიმერ პუტინი: _ რაც ჩვენ საერთო გვაქვს, ფუნდამენტური ხასიათისაა _ ეს არის საერთო კულტურა. როცა ახლო წარსულის დიდი პოლიტიკური მოღვაწეები ლაპარაკობდნენ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარებაზე, მიუთითებდნენ, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია, ამ სიტყვის როგორც გეოგრაფიული და, რაც მთავარია, კულტურული მნიშვნელობით. ეს ერთი ცივილიზაციაა. საფრანგეთის ლიდერები ლაპარაკობდნენ ლისაბონიდან ურალამდე ერთიანი სივრცის შექმნის აუცილებლობაზე. მე კი მიმაჩნია, და ამის შესახებ უკვე ვთქვი კიდეც: რატომ ურალამდე? ვლადივოსტოკამდე.
პირადად მომისმენია გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ, თუ ევროპულ კულტურას სურს თავის შენარჩუნება და მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრად დარჩენა, მაშინ დასავლეთი ევროპა და რუსეთი ერთად უნდა იყვნენ. ძნელია ამას არ დაეთანხმო. ჩვენც ზუსტად ასეთი თვალსაზრისი და პოზიცია გვაქვს.
დღევანდელი ვითარება აშკარად არანორმალურია. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პოზიტიურ დღის წესრიგს. ეს არის რუსეთის ინტერესი და, დარწმუნებული ვარ, ევროპის ქვეყნებისაც. გასაგებია, რომ პანდემიამაც ითამაშა თავისი ნეგატიური როლი. ჩვენ შეგვიმცირდა საქონელბრუნვა ევროკავშირთან, მაგრამ ის ჩვენი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს პოზიტიურ ტენდენციებთან დაბრუნება, და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ევროპა, ეკონომიკის თვალსაზრისით, რუსეთის ბუნებრივი პარტნიორია, აგრეთვე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ევროპული კულტურის სივრცობრივი განვითარების თვალსაზრისითაც.
მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთი, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი, ტერიტორიის მიხედვით ცოტათი მაინც მეტია გაერთიანებულ ევროპაზე. რუსეთში რესურსები კოლოსალურია, ადამიანური პოტენციალიც კოლოსალურია. ახლა არ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც არის ევროპაში პოზიტიური, და რაც სასარგებლო იქნება რუსეთისთვის ფედერაციისთვის.
აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ: ერთმანეთთან დიალოგს გულახდილად უნდა მივუდგეთ. უნდა მოვიშოროთ წარსულის ფობიები, თავი დავაღწიოთ წარსულის პრობლემების შიგაპოლიტიკურ პროცესებში გამოყენებას და ვიმზიროთ მომავლისკენ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, წინ უთუოდ გველოდება ურთიერთობების პოზიტიური ეტაპი.
ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ეს გვსურს, და ჩვენ ამისკენ სწრაფვას გავაგრძელებთ. მაგრამ სიყვარული შეუძლებელია, თუკი ის დეკლარირებულია მხოლოდ ერთი მხარის მიერ. ის ორმხრივი უნდა იყოს.
kremlin.ru –ზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”