ათეისტის უძლურება – მისი ტვინის მარტოოდენ ადამიანურ შესაძლებლობებშია 

   მხოლოდ ,,მისით”!

კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვასწავლის ერთ ჭეშმარიტებას – მეცნიერებაში არცერთი გადამწყვეტი გარღვევა ან საეტაპო აღმოჩენა ათეისტს არ მოუხდენია…

დამაფიქრებელი ფაქტია, რატომ?..
ნუთუ უზენაესი გონის უარმყოფლის ტვინი უფრო სუსტია, ვიდრე მორწმუნის? რა თქმა უნდა, არა! საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი დიდი ამოცანის ამოხსნაზე, რომელიც იმ ეტაპისთვის მომწიფდა, მეცნიერები წლობით ფიქრობენ, მაგრამ ისინი უუნარონი არიან სამყაროს ფუნდამენტური კანონი აღმოაჩინონ… მხოლოდ წამიერი გაელვების შედეგად, ან სულაც სიზმარში, საიდანღაც მოსული გზავნილის მეშვეობით, გონებაში უეცრად ჩნდება ამოხსნის მეთოდი ან სულაც მზა ფორმულა… სწორედ ამაში მდგომარეობს ათეისტის უძლურებაც – მისი ტვინის მარტოოდენ ადამიანურ შესაძლებლობებში.
ერთეული გამონაკლისის სახით ვივარაუდებ – თუ ათეისტი მეცნიერი კეთილი ადამიანია, შეიძლება, უზენაესი მასაც დაეხმაროს …
მადლობა ღმერთს, რომ დამაჯილდოვა სამი რამით: გული (სინდისი), გონება (ნიჭი) და ხასიათი (გამბედაობა). გული, რომელიც ჩემს მიერ ჩადენილი ათასი უმსგავსობის მიუხედავად, არ გახევდა და მუდამ მტკიოდა; გონება, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ადამიანურს არ აღემატება და, თუ რაიმეთი გამოირჩევა – ეს არის მოთმინება და შრომისუნარიანობა; ხასიათი – შეუპოვრობა, ვეძებო სიმართლე და მქონდეს გამახვილებული სამართლიანობის გრძნობა, რაც გამბედაობას აყალიბებს. აი, ამ სამი უნარისთვის მადლობა ,,მას“! რა თქმა უნდა, ასეთი ჯილდო ყველას მიეცემა, ოღონდ ის უნდა გწყუროდეს…
ახლა კი, ზოგადად, ჩვენზე. ესა თუ ის ერი იმითი ისჯება, რასაც აკერპებს. ქართველები – ფულით (სიმდიდრით, ქონებით) დავისაჯეთ.
მუდმივი კითხვა: რა გვეშველება? მგონი, დღეს ჩვენ არ გვჭირდება ახალი პოლიტიკური იდეები თუ თეორიები – არა… პირველ ყოვლისა, წესიერებასა და მაგალითის ძალაშია ჩვენი წინსვლის გზა! მხოლოდ ამ შეთხვევაში, მიეცემა აზრი პოლიტიკურ აქტივობას, რადგან თუ ზემოთ ათიოდე წესიერი ადამიანი მოექცევა, მათი მაგალითი, ყოველგვარი ,,დიდი რეფორმების“ გარეშეც, საკმარისი გახდება, რომ გარდამტეხმა მენტალურმა ცვლილებებმა რიგით ადამიანებამდე მიაღწიოს. ამაში მდგომარეობს ეკონომიკისა და კეთილდღეობის გაათმაგების მთავარი საიდუმლო!..
მაშასადამე, ჩვენი ძირითადი ამოცანა არ გახლავთ რომელიმე პიროვნებასთან ბრძოლა, არამედ უნდა წარმოადგინო ათიოდე ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთა პატიოსნებაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს და მაშინ აგყვება ხალხი…
დამატებით, ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ადამიანი ბრმაა, ხოლო უგულობა და უსინდისობა – ჩვენი ძველი და ახალი ელიტის საფირმო ნიშანი, მას მტაცებელ მხეცად აქცევს.
შევაჯამებ და ვიტყვი: ვაზროვნებ და სინდისი მღრღნის, მაშასადამე, ვარ ადამიანი – ასე რომ, მხოლოდ ,,მისით“, მხოლოდ!
იოსიფ ბროდსკიმ ერთხელ თქვა: ,,თუ ევტუშენკო კოლმეურნეობის წინააღმდეგია, მაშინ მე – მომხრე ვარ“… მეც ვცდილობ, მიუხედავად დიდად პროგრესული გამოსვლებისა, არ ვიყო ,,ევტუშენკოებთან“, რადგან მათი გამარჯვება სასიკეთო ძვრებს ვერ მოიტანს.

ზ.ო. – 2021, იანვარი

   ზურა ოდილავაძე