“იატაკქვეშ მუშაობს ნახევარი თბილისის რესტორნები და მთავრობაც სიამოვნებით სტუმრობს” – რესტორატორის სკანდალური განაცხადი

რესტორატორები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და 6 თებერვალს, როგორც რესტორანი “შავი ლომის” დამფუძნებელი, შეფ მზარეული, მერიკო გუბელაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის 200-მდე რესტორანი გახსნას აპირებს.

როგორც გუბელაძე წერს, ეს დაუმორჩილებლობა შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ გამოიწვია.

“მსოფლიოში ფორს მაჟორია, ქვეყანაშიც და ჩვენს სფეროშიც, ფაქტობრივად. მაგრამ არა – იურიდულად. არა, იმიტომ, რომ ჩვენმა მთავრობამ ასე გადაწყვიტა. ანუ, რა ხდება? ბიზნესი დაკეტეს, მაგრამ აღებულ ვალდებულებებთან პირისპირ დაგვტოვეს. ბანკი გადასახადს გვთხოვს, კომუნალურები გაძვირებული და გადასახდელია, გატანის სერვისები 30%-იან წილში გვიზის, სტაფის დიდი ნაწილი სახლშია და მშიერია.

რა ხდება მეორე მხარეს: გრიალებენ სასტუმროები და რეზორტები (ღმერთმა შეარგოთ), იატაკქვეშ მუშაობს ნახევარი თბილისის რესტორნები და მთავრობაც სიამოვნებით სტუმრობს მათ.

ამიტომ, შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის 200-მდე რესტორანი აცხადებს დაუმორჩილებლობას. დაუმორჩილებლობა გამოიწვია შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ. რესტორნები გაიხსნებიან რეგულაციების მკაცრი დაცვით!” – წერს მერიკო გუბელაძე “ფეისბუქზე”.

No description available.

გუგა კოტეტიშვილი, “შავი ლომის” მეპატრონე, ამბობს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, რა იგეგმება 6 თებერვალს.

გუგა კოტეტიშვილი: – მართალი გითხრათ, უნდა დაველაპარაკო, მეც მაინტერესებს. მაინც მერიკო წყვეტს ამ საკითხს. რახან უწერია, ალბათ, რესტორანი გაიხსნება. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აპროტესტებდა რესტორნების დაკეტვას. მეც მხარს დავუჭერ მის გადაწყვეტილებას.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თბილისსა და საქართველოს მასშტაბით, ყველა სასტუმროს რესტორანი მუშაობს. ეს კი არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს შერჩევითობა არ მოსწონს, კანონის საწინააღმდეგო ქმედებას არ აპირებს.

გურამ ბაღდოშვილი: – 150 დოლარიან ნომერში, “რესეფშენის” მაგიდაზე, იხდი 30 ლარს, იღებ სასტუმრო ოთახის გასაღებს და ზიხარ რესტორანში, ჭამ და სვამ. როგორც გავიგეთ, ბევრი ხალხი დადის, რესტორნები ჩვეულებრივ გამართულად მუშაობენ, იმართება შეხვედრები, დადიან პარლამენტარები, დღე და ღამე ქეიფობენ, გრიალებენ. ყველა სასტუმრო, რომელიც პანდემიის დროს არ დაიკეტა, ასე მუშაობს. რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ასახელებს ამგვარად მომუშავე სასტუმროებს, მაგალითად, “ამბასადორში” 30 ლარს იხდი ნომერში და ორი რესტორნით სარგებლობ, როგორც ქართულით, ასევე – აზიურით. ცუდია, აღმაშფოთებელია ის, რომ ასეთი რამ ხდება, იგივე “სტამბაში”, “მერკურიში”. ბევრ სასტუმროში ასეთი სტრატეგიაა. კანონში სასტუმროები არ შეიყვანეს, რომ დაკეტილიყო. რესტორატორების გუნდში ეს იწვევს აფეთქებას, რომელიც იწვევს დაუმორჩილებლობას, რაც მეც არასწორად მიმაჩნია. ფაქტებია საჭირო, რომ დავიჯერო და სხვის ნალაპარაკებზე არ მქონდეს რეაგირება და გადაწყვეტილება. თუ ის, რასაც ამბობენ, სინამდვილეს შეესაბამება, მინდა ვნახო ვიდეოზე ჩაწერილი, ფაქტებად. 6 თებერვლამდე მასალა უნდა იყოს, რომ ვნახოთ, ასე არის თუ  – არა.თუ ფაქტები არ დაიდება, საზოგადოების წნეხის ქვეშ შეიძლება მოექცნენ რესტორატორები. საზოგადოებამ უნდა ნახოს ფაქტები. ყველაზე ნამდვილი კი მაინც იქნება ის, რომ ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება.

საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველაფერი დროულად უნდა გაიხსნას უკვე. ასე არ გამოვა, ვიღაცები ფარის შავი ცხვრები არიან, ვიღაცები – თეთრი. ვიღაცისთვის შეიძლება, ვიღაცისთვის – არა. ეს სახელმწიფოს დიდი ხარვეზია. შეიძლება ამაზე პასუხი მოეთხოვოთ. შეიძლება საზოგადოებამ ჩვენი სექტორი გამოიყვანოს კრიმინალად. ეს არ შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულია. თუ ეს სიმართლეა, ჩვენ გვაიძულებენ რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რისი გაკეთებაც მე არ მსურს. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა, ჩვენი ხელისუფლება, კანონის მორჩილი მოქალაქე ვარ. რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე გახლავართ და ჩემთვის კანონი უზენაესია. მე კანონს არ დავარღვევ.

ასმათ ტყაბლაძე: – ერთი დღით კაფე-ბარის გახსნა ფოკუზი იქნება, რამდენიმე დღით გახსნა – კიდევ დიდი ხარჯი, თან თუ ამას ჯარიმაც დაემატება. ფართის მეპატრონეც იჯარის გადასახადს მომთხოვს. თუ გახსენი, ფული მომეციო. ამ ხარჯს, ამ წუთას, ნამდვილად ვერ მოვერევი. ჯარიმა 2 ათასი ლარია და არც ერთი არ არის 2 ათასი თეთრის მიცემის ღირსი.

ვნახოთ, შაბათამდე დროა, მანამდე შეხვედრაც იქნება რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებლებლთან  და გადავწყვეტთ, რას მოვიმოქმედებთ.