რუსი მხატვრის ნატალია ფლორენსკაიას გამოფენა „ჩემი თბილისი“ მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ВИНЗАВОД), გალერეა Totibadze–ში იხსნება.
როგორც ექსპოზიციის ორგანიზატორები აცხადებენ, 2020 წელს მხატვარმა სანქტ–პეტერბურგიდან თბილისში ერთი თვით გამგზავრება გადაწყვიტა, რათა მოენახულებინა მშობლიური ადგილები, მაგრამ დაიწყო პანდემია და თვე ნახევარ წელიწადად იქცა, რომლის დროსაც შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები.
„ის, ვინც არ ყოფილა თბილისში, იქ გამგზავრება მაშინვე მოუნდება, ხოლო ვინც იყო, ნოსტალგიით გაიხსენებს ნაცნობ ადგილებს“, – ნათქვამია გამოფენის ანონსში.
ნატალია ფლორენსკაია ფლორენსკების ცნობილი გვარის წარმომადგენელია, რომელიც თბილისთან იყო მუდამ დაკავშირებული. ფლორენსკაია 1939 წელს ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა მუხინის სასწავლებელში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. 1963 წლიდან მუშაობდა დამდგმელ მხატვრად ტელევიზიაში, 1967 წლიდან გრაფიკოს მხატვრად გრაფიკული ხელოვნების კომბინატში, 1980–იანი წლებიდან დაიწყო მოღვაწეობა სამეცნიერო ილუსტრაციების განხრით. 1979 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი, 1991 წლიდან Guild of Natural Science illustrators–ის (GNS) წევრი.
ფლორენსკაიას ოჯახს თბილისში აქვს საცხოვრებელი ბინა და სახელოსნო. ისინი 2007 წლიდან ქალაქს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ.
გამოფენა „ჩემი თბილისი“ 21 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
“სპუტნიკი”