მსოფლიოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში უკვე გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას, იუწყება Bloomberg–ი.

სააგენტომ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო საიტებზე გამოქვეყნებული და ოფიციალურ პირთა მიერ გახმოვანებული მონაცემები დათვალა და დაადგინა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უკვე დაახლოებით 105,1 მლნ კაცია აცრილი კორონავირუსზე, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე კი 103,9 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა ინფიცირება.

არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ვაქცინირებული აშშ–შია — 33,7 მლნ კაცი. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი — 10,2 მლნ ვაქცინირებულით, ხოლო მესამეზე — ისრაელი, სადაც უკვე 5,05 მლნ ადამიანი აიცრა კორონავირუსზე.

ამასთან მოსახლეობის აცრის პროცენტული წილით პირველ ადგილზეა ისრაელი (56,86%), მეორეზე — არაბეთის გაერთიანებული საამიროები (38,83%), ხოლო მესამე პოზიციაზე სეიშელი კუნძულები განთავსდა (36,25%).

სააგენტოს გამოთვლებში აღინიშნება, რომ ამ კუთხით ათპროცენტიან ზღვარს ასევე გადააბიჯეს დიდმა ბრიტანეთმა (15,3%), ბაჰრეინმა (11,02%) და აშშ–მა (10,3%).

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპორექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ ინფიცირებულია 103 897 537 კაცი. აქედან გარდაიცვალა 2 253 684 და განიკურნა 57 705 013 პაციენტი.

“სპუტნიკი”