ნასვამმა მამაკაცმა მოლარე ოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზიის კედელს ავტომობილი შეაჯახა

ინციდენტი ბათუმში – ნასვამმა მამაკაცმა მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზიის კედელს ავტომობილი შეაჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომენდატის საათის დროს ინციდენტი მოხდა ბათუმში, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე „გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით „გალფის” ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე მარკეტში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მოლარე-ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ავტომობილით მაღაზიის კედელს წინასწარი განზრახვით დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს შს სამინისტროში არ გვიდასტურებენ. როგორც „პრაიმტაიმნიუს” შს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: itv.ge