მარიტა, შენთვის, ალბათ, უცხოა პოპულარობა, კომენტარები, რასაც გიორგი მიჩვეულია… როგორ მოემზადე ქორწილისთვის?
დავიწყებ პოპულარობით – მიუხედავად იმისა, რომ მიუჩვეველი ვიყავი, ხალხისგან იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და დღემდე გვწერენ, კარგი და სამაგალითო წყვილი ხართო, რომ ძალიან მადლობელი ვარ. ზოგი იმასაც მწერს, რომ მასა და მის მეუღლეს შორის არის ასევე ასაკობრივი სხვაობა, რადგან იციან, რომ ჩემსა და გიორგის შორის 16-წლიანი სხვაობაა და ბედნიერად ცხოვრობენ. მე ყველაფერს ვკითხულობ და ყველას ვპასუხობ. ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ქუჩაში გვაჩერებენ და გვილოცავენ. ამ გამოხმაურების გამო პოპულარობას მარტივად მივეჩვიე. რაც შეეხება საქორწინო მზადებას, კაბა დათუნა სულიკაშვილმა შემიკერა საჩუქრად და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. გიორგი: ჩემმა მეგობრებმა გაუკეთეს ეს საჩუქარი, დალი ჩიტალაძემ და დათუნა სულიკაშვილმა. ჯვრისწერამდე გვაჩუქეს ყველაფერი. მარიტა: გიორგის მეგობრები იყვნენ მთლიანად ჩართულები, მაკიაჟი იქნებოდა თუ ვარცხნილობა. დალი ჩიტალაძის იდეა იყო, რომ მქონოდა ისეთი ვარცხნილობა და მაკიაჟი, რომელიც მე 20-ე საუკუნის 30-იან წლებს მოგვაგონებდა. შემადარეს მერილინ მონროს და ოდრი ჰეფბერნს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. გიორგი: მარიტას ბევრი ადამიანი ადარებს ჰოლივუდის მსახიობებს. თავიდან, მარიტა რომ ვნახე, ჯერ ფელინის კინოგმირებს ვადარებდი, მათ შორის მსახიობ ჯულიეტა მაზინას, მერე გადავედი რეტროფილმებზე და 50-იანი წლების ფილმებზე, ახლა ენ ჰეტეუეის ვამსგავსებ. აღმოჩნდა, რომ სხვებიც ასევე ხან ვის ადარებენ და ხან – ვის. გიორგი, მარიტა, როგორია ცხოვრება დაქორწინების შემდეგ? ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს… მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ პატარა ბიჭი, 34 წლის ვარ, მაინც პატარა ბიჭად ვგრძნობ თავს. შეიძლება, ბევრი გავიარე ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის პირველი ქორწინებაა და ეს შეგრძნებებიც პირველია. მარიტა: მეგობრებთან რომ ვარ წასასვლელი და უცებ რომ ვხვდები, რომ ის საათები გიორგის გარეშე უნდა გავატარო, გადავიფიქრებ ხოლმე. ზუსტად ეს იყო ჩვენი დაოჯახების მიზეზი, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვედგინა. გიორგი: ერთი თვეა უკვე, ერთად ვცხოვრობთ. ჯვრისწერამდე თანაცხოვრების მომენტი გავიარეთ, მოგვიწია გადაღებებზე რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გამგზავრება და შესისხლხორცებულები შევხვდით ამ დღეს. მარიტა: ხომ ამბობენ ხოლმე, რომ ჯვრისწერის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე იმ ადამიანთან ერთადო. გიორგი სწორად მოიქცა, რადგან შემაჩვია თავის ცხოვრებას, მეგობრებს… მთლიანობაში ერთი წელი და ერთი თვეა, რაც ერთად ვართ. დათვლილი მაქვს… მარიტა, სწავლას სად აგრძელებ? ხშირად მეკითხებიან, სწავლას ვაგრძელებ თუ არა. გიორგისნაირი განათლებული ადამიანი რომ გყავს გვერდზე, სწავლა უნდა გააგრძელო და მეც ვაგრძელებ ორმაგად დიდი მონდომებით. ზოგადად, გიორგი: ჩვენს ურთიერთობას სამ ეტაპად დავყოფდი: პირველი, როცა სოცქსელში გავიცანით ერთმანეთი და მარიტა ჩემს სპექტაკლებს ნახულობდა, თუმცა მხოლოდ ეკრანსა და სცენაზე ვყავდი ნანახი, მეორე ეტაპი იყო ზაფხულში, როცა ერთმანეთი გავიცანით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე ეტაპი იყო, როცა ისევ დაიწყო ჩაკეტვა… ჩვენ რომ ვხვდებოდით ბათუმის შემდეგ ერთმანეთს, სასიყვარულო პულსაცია აჩქარდა, შიში გვიჩნდებოდა, რომ საღამოს ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს… საშვიანი კაცი არ ვარ. ძალიან გვიჭირდა შეხვედრა, ამიტომ მოვლენები დავაჩქარეთ. ერთად დავიწყეთ ცხოვრება ჩემთან სახლში, ოღონდ დაგეგმილი გვქონდა, რომ იანვრის ბოლოს ჯვრისწერა გვექნებოდა. ჯვრისწერამ დააგვირგვინა ორი ადამიანის შეერთება. დანარჩენი რა იქნება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მარიტა როგორი მზარეულია? მე რომ ვთქვა, რომ მარიტა არის ძალიან მაგარი მზარეული და სასწაულებს აკეთებს, კარგი ჩახოხბილი იცის-მეთქი, არ იქნება მართალი. 18 წლისაა, სკოლა 2020 წელს დაამთავრა და გახდა სტუდენტი… მის სახლში გემრიელობებს აკეთებენ, დედა ჰყავს ოსტატი კულინარიაში, ამიტომაც მარიტამ იმდენი იცის, რაც ამ ასაკში უნდა იცოდეს. წინაა ყველაფერი, რომ ისწავლოს. მე და მარიტა სხვადასხვა თაობას ვეკუთვნით. პირად ურთიერთობაში ასაკობრივ ზღვარს ვერ ვგრძნობთ, ტოლები ვართ, მაგრამ რაღაც საკითხებში მაინც არის განსხვავება. მე რომ 18 წლის ვიყავი, არ ვიყავი ისეთი, როგორიც ახლანდელი 18 წლის გოგო-ბიჭები არიან. მარიტამ პირველ ინტერვიუზე ისე გახსნილად ისაუბრა, მე რომ მქონდა პირველი ინტერვიუ, ძალიან ვნერვიულობდი, მახსოვს და მარიტას ეს არ ჰქონია. ძალიან მომწონდა უფროს ადამიანებთან მეგობრობა. გიორგიც იმიტომ დავამატე მეგობრებში, რომ საინტერესო ტიპაჟი იყო ჩემთვის, განათლებული. მეგობრებადაც რომ დავრჩენილიყავით, მისგან ძალიან საჭირო რჩევებს მივიღებდი.