ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინდოეთთან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები არსებობს. გუშინაც შეხვდა პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს და საუბარი ამ საკითხსაც შეეხო. პირველ რიგში, ორივე მხარემ მოვამზადეთ ე.წ. მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი. საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გადავალთ მოლაპარაკებებზე. ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. გუშინ შევხვდით 20-მდე ტუროპერატორს და მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც უკვე ელოდებიან საკმაოდ მაღალმხარჯველი კატეგორიის ტურისტებს და ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ინდოეთი. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაც ამას ძალიან შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თურნავამ.
“იმედინიუსი”