შსს-მ, 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განაჩენის საფუძველზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ კ.ლ.-სთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ, 300 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლა.
„შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა” – ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.ბ.-ს, როგორც პირადი, ასევე, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები ამოიღო.
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: report.ge