თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია 2015 წლიდან იმ სტუდენტთა სწავლას აფინანსებდა, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატებოდა, პანდემიიდან შექმნილი ვითარების გამო კი ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 2250 ლარია, ანუ სემესტრულად – 1125 ლარი.
„დაფინანსების რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან გაუქმდება უნივერსიტეტებისთვის კვოტირების სისტემა, შესაბამისად დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზრდება და 600-ზე მეტი მაგისტრანტი დაფინანსდება.
მერის განცხადებით, სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა დაუბეგრავი თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. ასევე პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს კიდევ ერთი სასწავლებელი დაემატება – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.
პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი სტუდენტი დატოვა სასწავლებლის გარეთ. მათ სწავლის საფასურის დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი. ისინი პერმანენტულ აქციებს მართავენ. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის განახევრებაა.
“სპუტნიკი”