თაკო ჩარკვიანი: “სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს…”

თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის ძიება უნდა შეწყდეს:

– ეს უნდა მოვითხოვოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, მის პარტიას ეხება. მე მის ჩამოსვლაზე არ ვლაპარაკობ. ეს სხვა თემა და სხვა პროცედურაა. ჩამოყვანა და არჩევნებში მონაწილეობა რა ჩემი საქმეა. ეს ხალხის საქმეა.

– თქვენ ეთანხმებით, რომ ის აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში?

– მე ვეთანხმები იმას, სტრასბური რომ მოიგო საქართველომ, რის გამოც სააკაშვილს ბრალს უყენებდა ხელისუფლება, ეს სასწრაფოდ უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნისთვის. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი უნდა დადგეს. მის პოლიტიკურ პარტიას არ ეგონოს, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია ეს. ქვეყნის პრეზიდენტი იყო ის და ჩემი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა ეს. მე შევთავაზე, გაჩუმებული რომ ხართ და საკითხი არ დაგიყენებიათ, რატომ არ აყენებთ ამ საკითხს-მეთქი. იმწუთშივე იყო, თქვენ გინდათ, პრეზიდენტად მოაბრუნოთო?

– ვინ გკითხათ ეს?

– არის ხოლმე ასეთი პოზიციები. ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა ჩემი. შესაძლოა, სულ არ აბრუნებს ხალხი, შესაძლოა – კი.

– გიორგი ვაშაძემ თქვა, ივანიშვილის წასვლის შემდეგ სააკაშვილიც ჩამოშორდესო და როგორია პოზიციები თქვენს გუნდში?

– არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის. გიორგიმ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მას აწუხებს ორპოლუსიანობა. ამაში არის რაციონალური მარცვალი. პოლიტიკაა და პოლიტიკურად შევხედოთ. იმიტომ კი არ თქვა, რომ სააკაშვილს მტრობს.  ხელისუფლება მუდმივად იყენებს ორპოლუსიანობას, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ამიტომ ეს არის გიორგი ვაშაძის ხედვა და მას აქვს უფლება, თავისი პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა