,,დამირეკეს, ვწუხვართ, აქამდე ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ჩამოვფრინდითო” – მაკო გომური

მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინდელი პოსტის შემდეგ მას ბევრი ადამიანი დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა.

გომურს დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდანაც.

,,ხშირად, ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები.

დღეს შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რომ ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად გადაწყვიტა დახმარება.

მეგობრებო, ზუსტად ვიცი ნებისმიერ დროს, თუ დამჭირდება, აქ ხართ.

მაგრამ აქ თანხის შეგროვებაზე არ დგას საკითხი.

სახელმწიფო არის ვალდებული რომ ეს ქნას, განაგრძოს მკურნალობის ორგანიზება. დააშავა? მიხედოს. ესაა და ეს.

პრინციპის საკითხია, რომ არ მივცე საშუალება ფეხებზე დაიკიდოს მისი მოქალაქეები.

ასე ჩემთან გაუვათ, გიოსთან, დავითთან და მერე საერთოდ ისიც დაავიწყდებათ, რომ ჩვენ უნდა გვემსახურონ და არა პირიქით.მადლობა, მართლა მადლობა.

ჰოდა ცქიტიშვილს უთხარით ეს დახმარების პროგრამა არაა, ეს არის დაკისრებული მოვალეობის და პასუხისმგებლობის შესრულება.”, – წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის წერს, რომ სამკურნალოდ გამგზავრებას ვეღარ ახერხებს, რადგან არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.

მაკო გომურის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.