ქუჩების მორეცხვით ვირუსთან ბრძოლა ხომ მოგვაწოდეთ ამხანაგო პაატა? — კანდელაკი იმნაძის “საცივზე”

“ქუჩების მორეცხვით ვირუსთან ბრძოლა ხომ მოგვაწოდეთ ამხანაგო პაატა?”, — ასე პასუხობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, რომელმაც თქვა, რომ მას “საცივის რეცეპტი” არასოდეს მოუწოდებია, ამიტომ კარგი იქნება, ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

“ქუჩების მორეცხვით ვირუსთან ბრძოლა და იდიოტურ, კორუფციულ და დისკრიმინაციულ სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრა ხომ მოგვაწოდეთ ამხანაგო პაატა? იმ ფულის ჟანგბადის აპარატებზე ან ვაქცინაზე დახარჯვა რომ მოგეწოდებინათ რატომ არ შეიძლებოდა?”, — წერს კანდელაკი თავის ფეისბუქზე.

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით შაბათს, 6 თებერვალს პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა. კერძოდ, საქართველოში ტრანსპორტი და ბაზრობები 8 თებერვლიდან სრულად ამუშავდება, ხოლო კვების ობიექტები ღია სივრცეში 15 თებერვლიდან შეძლებენ მუშაობას. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.