“ქართული ოცნების” დეპუტატის და პარლამენტში კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის საწინააღმდეგოდ პეტიცია შეიქმნა.
პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ:
#cancelThea – ასე ჰქვია პეტიციას, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ წულუკიანის დანიშვნა პროფესიონალებთან კონსულტაციისა და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიაჩნიათ.
ისინი აღნიშნავენ, რომ მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, არ აძლევთ იმედს, რომ ის სფეროს კარგად იცნობს და მის მენეჯმენტს შეძლებს. მათი თქმით, არ ახსენდებათ თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვნას, არ მიგვაჩნია მისი ღირებულებები და საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.