ვის მოუსმენს მომავალი თაობა და ვისი მაგალითით ჩამოყალიბდება? – აი, მთავარი კითხვა!

ვინ შეავსებს სუფთა ფურცელს?
ყველა ერს თვითგადარჩენის ინსტინქტი ახასიათებს…
ყოველი ახალი თაობა სუფთა ფურცლიდან იწყებს: ის არ ითვალისწინებს არც ისტორიის და არც მშობლების თაობის გაკვეთილებს. ახალგაზრდა არ არის წარსულის გამოცდილებითა და მეხსიერებით დამძიმებული. ის თავიდან სვამს კითხვებს ძველ, თითქოს გაცვეთილ, ყველასთვის ცნობილ თემებზე და ეძებს ,,ახალ“ პასუხებს.

მოვიყვან ასეთი საკითხების მოკლე ჩამონათვალს: როგორი იყო სსრკ და რატომ დაინგრა?; რაში მდგომარეობდა ტოტალიტარიზმის არსი და რა მიზნით ტარდებოდა რეპრესიები?; როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ვინ მოაწყო ე.წ. ,,პუტჩი“?; რას წარმოადგენდნენ წინა მმართველები და როგორი იყო მათი საქმეები?.. და ათასი სხვ.
აი, სწორედ აქ ირთვება ერის თვითგადარჩენის ინსტინქტი! ეს გახლავთ საზოგადოების მიერ წამოწეული ელიტა, რომელიც პასუხებს გასცემს ახალი თაობის კითხვებს – რაღა თქმა უნდა, ისე, რომ მათ ეს დაიჯერონ…
ამ გზით, დადგენილი ავტორიტეტები, თავისი წიგნებით, გამოსვლებითა თუ ხელოვნებით აყალიბებენ იმ თაობის მსოფლმხედველობასა და ფასეულობათა სისტემას, რომელიც ქვეყნის მომავალს გადაიბარებს.
დღევანდელი ახალგაზრდების მდგომარეობა ძალიან მაგონებს ჩემს – 80-90-ანების თაობას, როდესაც გაბატონებული სიცრუის პირობებში, ერთადერთი ავტორიტეტები იყვნენ დისიდენტები… ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დროს, უკიდურესი ნიჰილიზმისა და პესიმიზმის ეპოქაში, საქართველოში იფეთქა ტოტალური ნარკომანიის ეპიდემიამ…
ახლა კი დავუბრუნდეთ დღევანდელობას. ქართველებს გვყავს ორი ,,ელიტა“: ბელადის მიერ ბითუმად ნაყიდი – ,,ძველი“ და ცხვრის ქურქში გახვეული ,,ლიბერალი მტაცებლების“ – ,,ახალი“…
შეფასებას არ შევუდგები და მხოლოდ ერთს ვიტყვი: მათი დაუსრულებელი თამაში – ,,შენ ცუდი ხარ! – შენ კი ჩემზე ბევრად საზიზღარი!“ – ხალხისთვის უკვე მომაბეზრებელი გახდა, ხოლო ახალგაზრდებისთვის ფრიად სასაცილოც…
კითხვებზე პასუხები მხოლოდ მაშინ იქნება ახალი თაობისთვის სარწმუნო და მისაღები, როდესაც ელიტის სიტყვა არ დაშორდება მის საქმეს… აქედან ცხადი დასკვნა: ისეთი ავტორიტეტების სისტემა, რომელსაც ახალგაზრდები ოდნავ მაინც ყურს დაუგდებენ, დღეს ქართველებს საერთოდ არ გვყავს… ვერც დისიდენტების ცვენას ვხედავ – ერთი-ორი თუ ჩანს ჰორიზონტზე… აი, პესიმიზმი და საყოველთაო ნარკომანია კი ყვავის!..
მაშ ასე, ადგილი თავისუფალია… ვის მოუსმენს მომავალი თაობა და ვისი მაგალითით ჩამოყალიბდება? – აი, მთავარი კითხვა!
დღევანდელ კინკლაობაში ვინ გაიმარჯვებს: ხელისუფლებას სამარცხვინოდ ჩაბღაუჭებული ,,ძველები“ თუ გავლენას მოწყურებული ,,ახლები“ (,,რობიკო-ლანა“ თუ მოდერნიზებული, მაგრამ ,,ჩინური რობიკო-ლანა“) – გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. დადგენილი ფაქტია, რევოლუციური გარდაქმნების უნარი არა უმრავლესობას… ან დიდი რაოდენობის ადამიანებს, არამედ მხოლოდ ახალგაზრდებს შესწევთ, მხოლოდ!
ძალიან მერიდება, მაგრამ მაინც ვეცდები, ვიწინასწარმეტყველო: ნუთუ 5-10 წლის უშინაარსო არსებობის მერე (ასე 2025 წლიდან) ,,ახალი ზვიადისა და მერაბის“ ეპოქა გველოდება?
ზ.ო. – 2021, თებერვალი

ზურა ოდილავაძე