კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაუმორჩილებლობის აქციის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ისედაც მინიმალური შეზღუდვაა ქვეყანაში დარჩენილი, კომენდანტის საათის სახით, დღეს კი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების მქონე ქვეყანაა ევროპასა და ამერიკაში. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება.

„მაგალითად, საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება, ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან მოქალაქეს უფლება არ აქვს, საშვის გარეშე გამოვიდეს ბინიდან. ამიტომ, რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა.

შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება „კომენდანტის საათი“. რახან, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს იოლი არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ეს მონაპოვარი გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა – ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის კატეგორია, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩათ გასაპროტესტებელი. ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები – იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია – რომ თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ეს აშკარად იკითებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

წყარო: ptn.ge