ელექტროენერგიის სუბსიდიის გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობას ოფიციალურ დონეზე არაფერი უთქვამს, თუმცა ენერგოომბუდსმენი report.ge-თან აცხადებს, რომ მისთვის მთავრობის პოზიცია ცნობილია და სუბსიდია არ გაგრძელდება.
ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის თქმით, პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსახლეობა ელოდა, რომ სუბსიდიის პროგრამა გაგრძელდებოდა. თუმცა, პროგრამა შეჯამდა, გაკეთდა სრულფასოვანი ანალიზი და ვადებთან დაკავშირებით სიახლე, სამწუხაროდ, არ არის.
,,კომუნალური გადასახადების სუბსიდიასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვიკავშირდებოდა და გვეკითხებოდა, გაგრძელდება თუ არა სუბსიდია. ჩვენ სრულფასოვნად შევაჯამეთ პროგრამა და ვიცით მთავრობის პოზიცია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდია არ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, 4-თვიანი პროგრამა სრულდება. თებერვლის ქვითარი იქნება ფინალური, ამის შემდეგ მომხმარებელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ელექტროენერგიის მოხმარებისას, რადგან უკვე მარტში მიღებული ქვითარი სუბსიდიას არ დაექვემდებარება. რაც შეეხება გაზრდილი გადასახადის სუბსიდიას, ჩვეულებრიბრივ, 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მნიშვნელოვანი იყო, რომ დახმარების პაკეტი განხორციელდა ზამთრის თვეებში, ყველაზე პიკური გადახდისას და მაშინ, როცა ადამიანებმა დაკაგეს სამუშაო”, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.
შეგახსენებთ, კომუნალური გადასახადების სუბსიდიის გადაწყვეტილება მთავრობამ ნოემბერში მიიღო. გადაწყდა, რომ 4 თვის განმავლობაში – ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, კომუნალური გადასახადები დაიფარება.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით 2021 სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყო.