კომუნისტებიდან დაწყებული ყველა მთავრობას გაუძლო, ქარის ყველა ცვლილებას მოერგო…

…ბოლო-ბოლო, კომუნისტებიდან დაწყებული ყველა მთავრობას გაუძლო, ქარის ყველა ცვლილებას მოერგო.

მთავრობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ ნებისმიერ მათგანში ყოველთვის ეგულებოდა რომელიღაც ნათესავი, ახლობელი ან მოყვარე. საქართველო – პატარა ქვეყანაა, უყვარდა ხოლმე ხაზგასმა მეგობრული ლხინის დროს. რაც მთავარია, ყველამ იცოდა, რომ ბებერ დემოგრაფზე საღად საქართველოში არავის – თუმც ითვლებოდა, რომ ქვეყანაში მის გარდა კიდევ მოიძებნებოდა ათიოდე დემოგრაფი – არ წარმოედგინა, თუ რა მომავალი ელოდება ქვეყნის მოსახლეობას ორმოცდაათი ან ასი წლის შემდეგ – შემცირდებოდა, გაიზრდებოდა, გადაშენდებოდა, გაითქვიფებოდა მიგრანტებში, აიყრებოდა თუ გადასახლდებოდა… მოსახლეობისა კი არა, თითქოს თითოეული ადამიანის ბედი ედო ხელისგულზე. იცოდა, რომ პიროვნების ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე გამოისახებოდა უბრალო ხაზითა და დასკვნითი წერტილით შესაბამის სკალაზე და სიამოვნებით იყენებდა ამ თავის უნიკალურ ცოდნას. ზოგჯერ ისეც ყოფილა – განსაკუთრებით ნახევარი ბოთლი კონიაკის ჩაცლის შემდეგ, – რომ ყოვლისშემძლე მეუფედ წარმოედგინა თავი. მხოლოდ ბებერმა დემოგრაფმა იცოდა სიღრმისეულად – და უყვებოდა კიდეც ლექციებზე სტუდენტებს ამის შესახებ, – თუ რას ნიშნავს ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, ნაწილობრივ სტაბილური მოსახლეობა, გარდაცვალების წერტილი დემოგრაფიულ ბადეზე, ქორწინებითი შობადობის კოულის ინდექსი ან ამოწყდომის რიგითობა. მისი ერუდიციის შედეგი იყო, რომ მასთან სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ცნობილი უცხოელი მეცნიერები და ”გაეროს” არც ერთი სტატისტიკური ცნობარი საქართველოზე არ ქვეყნდებოდა ბებერი დემოგრაფის საექსპერტო დასკვნის გარეშე. ამათ კი ხელფასი წაართვეს და სახლში გაუშვეს, თან უკომპენსაციოდ.
ძალიან გაბრაზდა. შესანიშნავად იცოდა, ვინ გაუკეთა ასე, ვინ იძია მასზე შური. ახალმა რექტორმა. ასაკით ოდნავ მასზე უმცროსმა გამოლენჩებულმა ვაი-პროფესორმა, რომელიც წინა მთავრობამ რის ვაი-ვაგლახით მოიშორა, ახალმა კი ისევ დასვა თანამდებობაზე და აღუდგინა პრივილეგიები. წინა მთავრობის დროს, ასე ხუთი-ექვსი წლის წინათ, ის კაცი გასრისეს და უნივერსიტეტიდან გააგდეს, როგორც აწ გარდასული წყობის გადმონაშთი და ძველ სამეცნიერო წარმოდგენებს ჩაბღაუჭებული რეტროგრადი; ინტრიგანი, რომელიც არ ცნობს არც ამერიკასა და არც ევროპას. ეს აშკარა გადაჭარბება იყო, თუმცა მაშინ ყველამ დაიგუბა პირში წყალი. არც ბებერმა დემოგრაფმა დაიცვა კოლეგა – თუმცა შეეძლო ერთი-ორი კეთილი სიტყვის თქმა. დღეს კი ეს კაცი მკვდრეთით აღსდგა და რევანშის წყურვილის მოკვლას შეუდგა. რა მეცნიერება, რის მეცნიერება…
სათავისოდ – და მხოლოდ სათავისოდ – ბებერი დემოგრაფი აღიარებდა ხოლმე, რომ არც ერთხელ არ გამოქომაგებია ასეთ ადამიანებს. ჯერ ერთი, ისედაც ჩამორჩენილებად მიაჩნდა, მეორეც – ვერ გარისკავდა, ვერ მიანიჭებდა თავს სუსტის დაცვის ფუფუნებას. იმასაც უწევდა ანგარიშს, რომ წინა, ფრიად ეგზოტიკური მთავრობა – სადაც ნაცნობებიც აღმოაჩნდა და ნათესავებიც – არათუ არ უშლიდა, ხელსაც კი უწყობდა მის თანამშრომლობას უცხოელებთან. ასე იყო თუ ისე, მაგრამ მაშინ თავად – მიუხედავად სოლიდური ასაკისა – გადარჩა, ხოლო მავანი მისი კოლეგა კი ”ჩაირეცხა” – ზოგი დამსახურებულად, ზოგიც დაუმსახურებლად. მთლიანობაში ”ჩარეცხვის” ამ პროცესს ბებერი დემოგრაფი დადებითად აფასებდა. გამოცდილება დიდი ჰქონდა და შესანიშნავად იცოდა თუ ვინ რითი სუნთქავდა და იკვებებოდა როგორც მის ვიწრო სპეციალობაში, ისე მიმდებარე დარგებშიც. მისთვის არ დარჩენილა დაფარული არც ერთი ქრთამი თუ უსინდისობა, გარიგება თუ ჩაწყობა… ჰოდა, თუ უნებლიედ ”ჩარეცხვას” აქა-იქ სინდისიერი – თუმცა, უპატრონო – მეცნიერი ეწირებოდა, ამით ზოგადი სურათი არ იცვლებოდა. ბუნებრივია: ტყეს როცა ჭრიან, ნაფოტიც ცვივა…
ახლა კი თავად გაუშვეს პენსიაში… და ვერ უშველა კოულის ინდექსების ცოდნამ.
არა, ამის მერე წვეთსაც კი აღარ დალევს. სამარადისო არაფერია. გავა რამდენიმე წელი და მისი დაბრუნების დროც დადგება, რევანშის დრო. ოღონდ ამისთვის საჭიროა მეტად იზრუნოს ჯანმრთელობაზე, მართლა შეეშვას სმას. მაშინ, ერთხელაც იქნება, დაინახავს რექტორის დამანჭულ-დაგრეხილ სახეს, როდესაც მოუწევს კაბინეტის დაცლა…
ასე მოხდება. ნებისყოფა არასოდეს აკლდა. ჯერ ”ორდნუნგ” – და მერე სხვა დანარჩენი!

(გ.ლორთქიფანიძე, ”ბებერი დემოგრაფი”, ჟურნ.”ახალი საუნჯე”, 2014, №9)

გოგი ლორთქიფანიძე