„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
-როგორი შეზღუდვებია ამჟამად რუსეთში და როგორც ვიცი, დაიწყო ვაქციაციაც, რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე რუსულ ვაქცინაზე?
-შეზღუდვები ჯერ ისევ არის, უნდა იარო პირბადით, მოსახლეობის მხოლოდ 15-20 პროცენტი დადის სამსახურებში, უმეტესობა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, უნივერსიტეტები და უფროსი კლასები 8 თებრევლიდან იხსნება, ტრანსპორტი არ გაჩერებულა და კომენდანტის საათიც არ გვქონია. მე გავიკეთე ვაქცინის ერთი დოზა ხუთშაბათს, რა თქმა უნდა რუსეთში ვარ და რუსული ვაქცინა გავიკეთე. 1 კვირა გავიდა უკვე, მეორე დოზის გაკეთება მიწევს 11 თებერვალს, ჩაწერილი ვარ, მივალ, გამიკეთებენ და თავისუფალი ვარ. 21 დღეა შუალედი ვაქცინებს შორის. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, საღამოს სახსრების მტვრების შეგრძნება მქონდა, ცოტა სიცხე მომცა, მეორე დღეს შუადღით უკვე ყველაფერმა გამიარა. 95 პროცენტიანი შედეგი აქვს ჯერჯერობით რუსულ ვაქცინას, როგორც ამბობენ.
-გარკვეულ ჯგუფებს ცრიან, თუ მასიურად დაიწყო ვაქცინაცია?
-ჩაეწერები შენ პოლიკლინიკაში ელექტრონულად, მიხვალ და გაგიკეთებენ. მივედი 15 წუთით ადრე, შევავსე ანკეტა, გამსინჯა ექიმმა, გამიზომა წნევა, სიცხე, გამომკითხა, გამიკეთეს, 15 წუთი მაკვირდებოდნენ რამე რეაქცია არ მოგცესო, გავიდა 15 წუთი და წამოვედი. თუმცა, მე სამი დღით ადრე მაინც დავლიე ალერგიის წამალი და ვაქცინის მერეც ვაგრძელებდი კიდევ 4 დღე მიღებას. თავიდან დაიწყეს აცრა კონკრეტული ჯგუფების და ახლა ვაქცინაცია ხდება მასიურად, რამდენიმე სავაჭრო ქსელშიც გახსნეს ვაქცინაციის პუნქტი.
-რას ამბობენ რუსი ექიმები და მეცნიერები? იყო თუ არა ვაქცინის შემდეგ მდგომარეობის დამძიმეების ან გარდაცვალების ფაქტები?
-ვაქცინაციაზე ექიმები მეკამათებიან ხოლმე და ექიმი თუ ხარ, უნდა იცოდე, როდესაც ორგანიზმში შედის უცხო სხეული, გარკვეული ტიპის რეაქციები ხდება. შეიძლება სულაც შიშისგან დაემართოს რაღაც ადამიანს, მაგრამ ეს ვაქცინა რომ რამეს იწვევდეს მასიურად, აუცილებლად გამოჩნდებოდა მასიური ვაქცინაციის ფონზე. როგორც ჩანს, სერიოზულ უკუჩვენებებს არ იწვევს. რუსულ ვაქცინას, მთელ მსოფლიოში მოწონება აქვს, რომ არ იყოს ეს პოლიტიკური მომენტები – რუსულ ვაქცინაზე უარყოფითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოსულა – აი, მეც გავიკეთე და ცოცხალი ვარ.
-ქართველი ექიმების ნაწილმაც თქვა: – არ ვართ რუსულ ვაქცინაზე ცუდი აზრის, მაგრამ რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, რადგან ხალხი ოკუპაციურ ვაქცინას მაინც არ გაიკეთებსო…
-რას ქვია ოკუპაციური ვაქცინა, მაცივარი გამოაღონ მაგ მამაცხონებულებმა, რატომ ჭამენ რუსულ პროდუქტებს? მახათმა განდი თუ ხარ, უნდა იყო მახათმა განდი – მახათი ხომ არ უნდა იყო? თუ არადა დარჩნენ მახათების მკეთებლად და იკეთონ სადაც საჭიროა – არ ვიცი, რუსეთთან მოცემულობას სხვაგვარად უნდა მიდგომა და არა ასეთი ცრუპატრიოტულ-პრიმიტიული.
თამო კეშელავა, ალია