ოცნება რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას, მით უკეთესი მისთვის

“ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას, მით უკეთესი მისთვის – ლევან თარხნიშვილი

“ქართული ოცნება კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 0%-იანი საარჩევნო ბარიერი და სხვა კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პოლიტიკურ კრიზის ვერ უშველის და ამის გამო ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

“ქართული ოცნება“ ზოგადად ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთი მხრივ, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.

რეალობა არის სულ სხვა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.

ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც „ევროპული საქართველო“ და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, „ქართული ოცნება“ კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“ – განაცხადა თარხნიშვილი.

წყარო: itv.ge