არა ჯარიმებს – შსს–სთან საპროტესტო აქცია გაიმართა

მოძრაობა „სოლიდარობა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი აპროტესტებს ჯარიმებს, რომლებსაც პოლიცია მოქალაქეებს პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის უწესებს.

„სოლიდარობის“ ლიდერის ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმას პირბადის არტარების გამო საზოგადოებრივ ადგილებში და სამართალდამცველები კანონს არღვევენ.

 

როგორც შუკაკიძე აცხადებს, ეს აქცია ჯარიმების წინააღმდეგ პროტესტია, რომელსაც პოლიცია საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში წერს. მათ არაერთხელ მიმართეს შსს–ს განცხადებით, რომ კანონი ამ სამართალდარღვევაზე ჯარიმას არ ითვალისწინებს.

შუკაკიძემ საპატრულო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს მიმართა, რომ არ დაარღვიონ კანონი, მათ არა აქვთ ადამიანების ამისთვის დაჯარიმების უფლება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და თითოეული ამისთვის პასუხს აგებს კანონის წინაშე.

მისი თქმით, „სოლიდარობამ“ არაერთი საჩივარი შეიტანა შსს–ში, რომლებზეც პასუხი ათი დღის განმავლობაში უნდა გაეცათ, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კვლავ განაგრძობენ მოქალაქეების დაჯარიმებას.

შსს–ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ყოველდღიურად ასობით ადამიანს აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 20 ლარია.

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორისაა პირბადის სავალდებულო ტარება ქუჩაში და გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00–დან 05:00 საათამდე.

“სპუტნიკი”