ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილო ვარ, ვერ ვხედავთ, რომ ევროპას აინტერესებს ქართველი ხალხი – შალვა ნათელაშვილი.
“დღეს, სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, რომ ევროპას აინტერესებს ქართველი ხალხი. მრჩება შთაბეჭდილება რომ ევროპას უფრო ტერიტორია აინტერესებს და მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, ვინ მართავს ამ ტერიტორიას, თუნდაც უზნეო მეთოდებით, თუნდაც გაყალბებული არჩევნებით, რახან კი მართავს ე.ი. მას უჭერენ მხარს” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა.
“მე ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილო ვარ. ევროპამ, პოლიტიკურმა ელიტამ, ჩვენმა მოკავშირემ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ჭეშმარიტება რომ ე.წ. ელიტებს კი არ უნდა დაეყრდნონ საქართველოში, არამედ უნდა დაეყრდნონ ქართველ ხალს და საზოგადოებას.
ეს პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა, საქართველო გაყო პუტინმა სამ ნაწილად, ფაქტობრივად, ევროპული ორიენტაციის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვუღალატეთ დასავლურ მოკავშირეობას, მათ გამო დაგვემართა ეს, რაც დაგვემართა და ამისათვის უნდა ელემენტარული თანადგომა ვიგრძნოთ. ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება და ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება. აბა, მათ ბატონებს გაუკეთონ იგივე, რაც ჩვენ დაგვემართა, პუტინმა გაუგზავნოს თავისი ოლიგარქი პრეზიდენტად, მეფედ და პრემიერად, მერე ამ ოლიგარქმა მოიპაროს იმ ქვეყნის ბიუჯეტი და სახლში წაიღოს, არჩევნებიც გააყალბოს და ის პოლიტიკოსები, ევროპელები, ახლა რომ ბევრს ლაპარაკობენ, რა ხასიათზე იქნებიან, ვნახავთ და იმასაც ვნახავთ, ხალხის რისხვაც როგორ წალეკავს” – განაცხადა ნათელაშვილმა.
წყარო: newposts.ge