საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ბინის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიურმა პოლიციამ დააკავა ბინის ქურდების დიდი დაჯგუფების წევრები, რომელთა ძირითად ნაწილს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ; სულ იტალიისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე 62 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 58 დაპატიმრებულია, იუწყება РИА Новости პოლიციაზე დაყრდნობით.

დაკავებულთა დიდ ნაწილს – 53 ადამიანს ქართველები შედგენენ. დაჯგუფების ოპერატიული ცენტრი იყო ქალაქი რეჯო-ემილია. უწყების კომუნიკეში მისი სახელწოდება მითითებულია როგორც „კანონიერი ქურდები“. გამოძიება სახელწოდებით „კანონიერი ქურდები“ 2,5 წელიწადს 2018 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა. დადგენილია ბანდის კავშირი 115 ეპიზოდთან, რაც გულისხმობს სხვისი ქონების ქურდობას: ბინების გატეხვა, ძარცვები, ფულის გათეთრება და ნაქურდალის ყიდვა-შენახვა.

„დაჯგუფება პროფესიულად და სისტემატურად ჩადიოდა სახლების ქურდობას ე.წ. „ქართული მეთოდით“, რომელიც დანაშაულის ერთგვარი ხელწერა გახდა. კერძოდ, ეს არის სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით შესასვლელი კარების საკეტებისა და სეიფების გახსნის უნარი, ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე. მაგალითად, ერთ-ერთი დაზარალებული მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ქურდობის მსხვერპლი გახდა, ნაქურდალის დაბრუნების შემდეგ“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

ქართველ ბოროტმოქმედებს ეხმარებოდნენ უკრაინელები, რომელთა ამოცანებში ძვირფასეულობის ტრანსპორტირება და გასაღება შედიოდა, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრების ლეგალიზება. მათი კურიერები ყოველდღიურად აგზავნიდნენ ნაქურდალის დიდ ნაწილს უკრაინაში, აღნიშნულია განცხადებაში.

“სპუტნიკი”