ვინ იქნება 2021-ში თბილისის მერობის კანდიდატი, რა ხრიკი მოიგონა “ოცნებამ” და რა ახალი კანონით აიძულებენ ხალხს, “კომენდანტის საათის” დროს გამოწერილი ჯარიმის გადახდას?
პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ხელისუფლებას რეალურად დიდ თავისტკივილად ექცა. უფრო მარტივია პარლამენტში დებატები და ერთმანეთზე შეურაცხყოფის მიყენება, ვიდრე პარლამენტს გარეთ დარჩენილთა კანონის ძალით მართვა. ხომ ცხადია, რომ დეკლარაციის შეუვსებლობის გამო დეპუტატებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დასავლეთს არ მოეწონება. იგივე დასავლეთი, არც მელიას დაკავების გამო დაუკრავს ტაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ ან დასავლელი პარტნიორები უნდა გაითვალისწინოს, ან კანონი აღასრულოს. პირველ შემთხვევაში, ოპოზიცია ძალიან გათამამდება და კანონს ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაარღვევს, მეორე შემთხვევაში კი დაკავებასა თუ სისხლის სამართლებრივ დევნას, აშკარად პოლიტიკური ელფერი მიეცემა. სწორედ ამის იმედად არიან ოპოზიციაშიც, თუმცა მათ ისიც კარგად ესმით, რომ ხელისუფლებას ყველაფრის ხელოვნურად გაწელვის შესაძლებლობა აქვს. იგივე დეკლარაციების არშევსების გამო, ჯარიმის შემდეგ, შესაძლებელია, ერთ თვიანი ვადის მიცემა, მელიასთვისაც სასამართლოზე გადაცემული საქმის გაჭიმვაც ასევე ერთი თვით შეიძლება, ამ დროისთვის კი ოპოზიცია ვალდებული იქნება აქციები დაიწყოს. აი, აქციებზე კი აუცილებლად გაჩნდება იმის ცდუნება, რომ პარლამენტში შევარდნენ. ადამიანური რესურსის მიმართულებით მთელ ოპოზიციას ძალიან რომ უჭირს, თავადაც არ მალავენ. შესაბამისად, მათ ხალხის მუდმივად გამოყვანა ან გრძელვადიანი აქციების კეთება უბრალოდ გაუჭირდებათ და თან ისე, რომ ამ საქმეს ფულიც ვერ უშველის. ამიტომ, ოპოზიცია უფრო პროვოკაციის და მყისიერი აფეთქების იმედზეა, ვიდრე გრძელვადიანი აქციებით რაიმეს მიღწევის.
გაგეცინებათ და არსებული რეალობის პარალელურად, არა ერთი და ორი ადამიანი უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ჩალიჩობს“. ჰო, შემოდგომაზე გასამართი არჩევნებისთვის, რომლის ჩატარებას ამ გადმოსახედიდან ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული, „ოცნების“ კარზე რიგი უკვე დადგა და ყველა ცდილობს, თავი ლიდერებს მოაწონონ. კონკრეტულად კი, ნაწილი კობახიძესთან ცდილობს საქმის „გაიმასქნებას“, ნაწილი კი გახარიასთან, კალაძესთან, წულუკიანთან, ღარიბაშვილთან… პრინციპში, ღარიბაშვილს კახეთის რეგიონი აქვს ჩაბარებული და უფრო მეტის პრეტენზია ამ ეტაპზე ნამდვილად არ ექნება. რიგი რიგად და, მთავარი კითხვა, ვინ იქნება 2021-ში თბილისის მერობის კანდიდატი, „ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს არ გაიმართება, ამიტომ, თვითმმართველობა დამაჯერებლად და, რაც მთავარია, ისე უნდა მოიგონ, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, შიში იმისა, რომ არაერთ მუნიციპალიტეტში, საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევ უმრავლესობას „ოცნება“ ვერ მოაგროვებს, იყო და კვლავ არის. ამის შესახებ არაერთი ლიდერი ხმამაღლა საუბრობს, თუმცა გამოსავლის პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ძალიან დიდი ალბათობით, „ძაღლის თავი“ იმ კოდექსში იქნება დამარხული, რომელიც კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება. მუნიციპალიტეტის სოფლებს ოლქებად დაყოფენ და 3-4 სოფელი თითო დეპუტატს აირჩევს. ჰოდა, ახლა ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ გაერთიანება ისე მოხდეს, ოპოზიციურად განწყობილი სოფლები ხელისუფლების მხარდამჭერ სოფლებს მიუერთონ და ამით ნეიტრალური შედეგი მიიღონ, რომელსაც შემდეგ ძალოვნების დახმარებით, ადვილად გადატეხენ.
პ.ს. 6 თებერვალს გამართული დაუმორჩილებლობის აქციაზე მონაწილეთა დიდი ნაწილის იდენტიფიკაცია და ისინი კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს, თუმცა… საქმე ის გახლავთ, რომ კანონის მიხედვით, ამ ჯარიმას საურავი არ ერიცხება, არც ხელფასიდან იქვითება, უბრალოდ ხარ დაჯარიმებული და თუ სურვილი გაქვს, იხდი, თუ არა და არც არაფერი. ამბობენ, რომ ჯარიმის ქონა უარყოფითად მოქმედებს ბანიკიდან კრედიტის მიღებაზე, მაგრამ ზოგადად, ეს პროცედურა ისეა გართულებული, ბანკები სერიოზულად ტირიან და ამიტომ, არაფრისმომცემ ჯარიმას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჰო, ისიც თქვეს, მალე „დააჩაქუჩებენ“ იმ კანონს, რომლის მიხედვითაც ჯარიმის მქონე პირები საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებენ მანამ, სანამ ჯარიმას არ გადაიხდიან.
ანა დვალიშვილი, ალია